გრიგოლ ვაშაძე - ზვიად გამსახურდია დევნილობაში ვამყოფეთ და განვდევნეთ ისე, როგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი
გრიგოლ ვაშაძე - ზვიად გამსახურდია დევნილობაში ვამყოფეთ და განვდევნეთ ისე, როგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი

ზვიად გამსახურდია დევნილობაში ვამყოფეთ და განვდევნეთ ისე, როგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით განაცხადა.

„31 მარტი ერთდროულად საზეიმო და ტრაგიკული თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. რეფერენდუმი, რომელიც ჩატარდა ამ დღეს, მან დიდი ხნის ნანატრი სასწაული დაუბრუნა ქართველ ხალხს. ეს არის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, სახელმწიფოებრიობის აღდგენა, მაგრამ სამწუხაროდ, რაც ამას შემდეგ მოჰყვა, გაკვეთილი უნდა გახდეს ჩვენი მომავლისთვის.

არ არსებობს შეცდომა, რომელიც ჩვენ 90-იანი წლების განმავლობაში როგორც ერმა არ დავუშვით. იმაზე აღარც ვლაპარაკობთ, რომ თითქმის ერთხმად არჩეული საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ადამიანი, რომელიც იყო დამოუკიდებლობის აღდგენის წამყვანი ძალა მერაბ კოსტავასთან ერთად, მთლიანად ეროვნული მოძრაობა, დევნილობაში ვამყოფეთ და ქვეყნიდან განვდევნეთ ისე, როგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი. იმედია, როდესმე ჭკუას ვისწავლით და დავიმახსოვრებთ, რომ ქართველებს ერთმანეთზე ახლოს არავინ გვყავს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილე დღეს აღინიშნება.

ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის გაზაფხულზე აირჩიეს და 1992 წლის დასაწყისში ქვეყნიდან განდევნეს, სამხედრო გადატრიალების შედეგად. საქართველოს პირველი პრეზიდენტი 1993 წლის 31 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში დაიღუპა.