გრიგოლ ვაშაძე ზაზა სარალიძესთან კლინიკაში მივიდა, თუმცა მისი მონახულება ვერ შეძლო
გრიგოლ ვაშაძე ზაზა სარალიძესთან კლინიკაში მივიდა, თუმცა მისი მონახულება ვერ შეძლო

ინგოროყვას კლინიკაში, სადაც ზაზა სარალიძე მკურნალობს, პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იყო მისული. ის სარალიძესთან შეხვედრას გეგმავდა, თუმცა კლინიკაში განუმარტეს, რომ დღეისთვის მიღების საათები ამოიწურა.

„როგორც გვერდზე ვედექით, ისე დავუდგებით ზაზა სარალიძეს. პირობას გაძლევთ, ეს ასე უბრალოდ არ დამთავრდება. რაც შეეხება მომხდარ ინციდენტს, შესანიშნავი შეფასება მისცა ბატონმა მაჩალიკაშვილმა. 10 სექტემბრიდან ხელისუფლება ცდილობს წამოგვაგოს პროვოკაციაზეო და როგორც იქნა, ნერვებდაგლეჯილი შვილმკვდარი მამა პროვოკაციაზე წამოაგეს. ეს ყველაფერი გაკეთებულია სპეციალურად. ბატონი ზაზა სარალიძე დღეს დააკავეს და გადაიყვანეს მოწყობილი პროვოკაციის შედეგად, აღძრეს სისხლის სამართლის საქმე იმ იმედით, რომ გაერთიანებული ოპოზიცია და სხვა ოპოზიციური ძალები გამოვლენ და ისეთ რაღაცას გააკეთებენ, რაც სახელმწიფოს ეწინააღმდეგება.

სოლიდარობის აქციები აუცილებლად გაგრძელდება შეუწყვეტლივ. არ გავალთ საქართველოს კანონმდებლობის გარეთ. ყველანაირ დახმარებას აღმოვუჩენთ ბატონი ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახებს. არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ ხელისუფლებას საშუალებას, რომ ამ ადამიანებს დააბრალონ პოლიტიკური მოტივები, როდესაც რუსთაველის პროსპექტზე დღეს დგანან შვილმკვდარი მამები. ერთი რამ მინდა გითხრათ, დღეს ქურდული ოცნების მამამთავარმა და ორგანიზატორმა გამოაცხადა, რომ რა ამორალურიაო თუ ამაზრზენიო, რაღაც ისეთი სიტყვა იხმარა, რომლისთვისაც ეტყობა, ივარჯიშა, რა ამორალური არისო გირგვლიანის საქმესთან ამის შედარებაო, რადგან გირგვლიანი სახელმწიფომ მოკლაო.

დიდი ბოდიში მომიხდია, დათუნა სარალიძეს რაც შეეხება, ბავშვი მართლა მოკლეს იმის გამო, რომ სკოლიდან გაყვანილი იყვნენ მანდატურები და არავითარი წესრიგი და დისციპლინა სკოლაში აღარ იყო, მაგრამ სახელმწიფომ და მისმა წარმომადგენლებმა გაანადგურეს ყველა ნივთიერი მტკიცებულებები და გააკეთეს ისე, რომ დათუნა სარალიძის მკვლელები დღეს ქუჩაში დადიოდნენ.

რაც შეეხება მაჩალიკაშვილს, ცეცხლივით ეშინიათ მისი სახელის ხსენების. მალხაზ და თემირლან მაჩალიკაშვილის სახელს არ ახსენებენ, რადგან თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლა სახელმწიფომ და სახელმწიფომ გაანადგურა ნივთიერი მტკიცებულებები“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.