გრიგოლ ვაშაძე - ყველამ იცის, რომ არჩევნები იყო ჩემსა და ივანიშვილს შორის
გრიგოლ ვაშაძე - ყველამ იცის, რომ არჩევნები იყო ჩემსა და ივანიშვილს შორის

მიხეილ სააკაშვილს ჩემს კამპანიასთან საერთო არაფერი აქვს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ BBC-ის რუსული ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოსაზრება არის მხოლოდ ერთი ადამიანის პოზიცია და მას საერთო არაფერი აქვს გაერთიანებულ ოპოზიციასთან.

„ყველამ იცის, რომ არჩევანი იყო ჩემსა და ივანიშვილს შორის. სააკაშვილს არაფერი აქვს საერთო ჩემს კამპანიასთან. დიახ, ის ჩნდება ტელეეკრანებზე, მაგრამ შეხედეთ ჩემს პროგრამას ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების კუთხით. გსმენიათ რამე მისგან ისეთი, რაც ემთხვევა ჩემს შეთავაზებებს?

მე მიწევს გავიმეორე ისევ და ისევ, რომ მისი აზრი არის ერთი ადამიანის აზრი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჩემთან, ჩემს მომხრეებთან და გაერთიანებულ ოპოზიციასთან. მაგალითად, თუნდაც მისი მოწოდება სამოქალაქო დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისი თქმით, ყველამ იცის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მოსახლეობას არჩევანი რეალურად მასა და ივანიშვილს შორის უნდა გაეკეთებინა. ასე უპასუხა გრიგოლ ვაშაძემ​ BBC-ის ჟურნალისტის კითხვას – „ბევრი ამბობს, რომ ეს არ იყო არჩევნები თქვენსა და ზურაბიშვილს შორის, არამედ – სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის“.

„ეს კვლავ პროპაგანდაა, რადგან ყველამ იცის, რომ არჩევნები იყო ჩემსა და ივანიშვილს შორის“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.