გრიგოლ ვაშაძე - წავედი დალაი ლამასა და რომის პაპის თანამდებობებიდან, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვრჩები
გრიგოლ ვაშაძე - წავედი დალაი ლამასა და რომის პაპის თანამდებობებიდან, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვრჩები

წავედი მხოლოდ დალაი ლამას და რომის პაპის თანამდებობებიდან, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვრჩები,- ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გრიგოლ ვაშაძე სისულელეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილთან კონფლიქტის გამო, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებას აპირებს.

„ყველა სისულელეს რატომ უსმენთ, რამდენი მოცლილი რაღაცას დაწერს ფეისბუქში. როგორ წარმოგიდგენიათ ახლა ჯერ ჩემი და მიშას კონფლიქტი და მეორე ის, რომ მე გადავდექი, გადავდექი ისე, რომ ეს იცის ვიღაცამ და მე არ მივმართე, თეორიულად გელაპარაკებით“ ,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის პირადი შტაბი არის კიდევ ერთი პლატფორმა, რომელიც დღევანდელი ხელისუფლების შესაცვლელად იბრძოლებს.

„მიხეილ სააკაშვილის პირადი შტაბი არის კიდევ ერთი პლატფორმა, რომელიც იბრძოლებს იმისთვის, რომ საქართველოს მოაშოროს ის უმსგავსო ჯგუფი, რომელიც თავის თავს ეძახის ხელისუფლებას და ყურებამდე არის ჩაფლული კორუფციაში“,-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.