გრიგოლ ვაშაძე - ვსინჯოთ, თუ არ შევედით მოლაპარაკებებში, ვერც იმას გავიგებთ, წარმატებით დასრულდება, თუ წარუმატებლად
გრიგოლ ვაშაძე - ვსინჯოთ, თუ არ შევედით მოლაპარაკებებში, ვერც იმას გავიგებთ, წარმატებით დასრულდება, თუ წარუმატებლად

ვსინჯოთ, თუ არ შევედით მოლაპარაკებებში, ვერც იმას გავიგებთ, ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, თუ წარუმატებლად, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტის კითხვას, რაში ხედავს ის გამოსავალს.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების პარალელურად, აქციები უნდა გაგრძელდეს, რომ ხელისუფლებამდე საქართველოს მოქალაქეების აღშფოთება მივიდეს.

„ამ ეტაპზე გამოსავალი არის შემდეგი – საპროტესტო აქციების გაგრძელება, რომ ხელისუფლებამდე მივიდეს საქართველოს მოქალაქის სრულიად კანონიერი და დასაბუთებული აღშფოთება, მაგრამ ამავე დროს, პოლიტიკური კომპონენტი, რომელსაც ჰქვია დიალოგი. ვსინჯოთ. თუ არ შევედით მოლაპარაკებებში, ვერც იმას გავიგებთ, ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, თუ წარუმატებლად. ჩვენ ჩვენი მოთხოვნები გვაქვს, ხელისუფლება გვეუბნება შვეიცარიასა და ნორვეგიაში ვცხოვრობთ და იქაური არჩევნები ჩავატარეთო. აქედან გამოსავალი რა არის? ხელისუფლების თურქმენიზაცია და ოპოზიციის მარგინალიზაცია? ასე წარმოგვიდგენია ამ სახელმწიფოს მომავალი?“, – განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე, მოლაპარაკების წარმატებით დასრულების საზომი რა არის, ვაშაძემ უპასუხა, რომ ისეთი ხელისუფლების შექმნა, რომელიც ეროვნული კონსოლიდაციის საფუძველზე შეძლებს, გაუმკლავდეს კრიზისს.

„მოლაპარაკების წარმატებით დასრულება იზომება ისეთი ხელისუფლების და პარლამენტის შექმნით, რომელიც სრულიად დააკმაყოფილებს იმ აღშფოთებული ადამიანების აზრს, რომლებიც დღეს ქუჩაში, უკვე ყინვაში ღამე დგანან და ელიან, რომ მათ ხმას ვინმე გაიგებს. ისეთი ხელისუფლების შექმნა, რომელიც ეროვნული კონსოლიდაციის საფუძველზე შეძლებს, გაუმკლავდეს იმ ხუთ უზარმაზარ კრიზისს, რომელიც ვახსენე“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“.