გრიგოლ ვაშაძე - უკვე დაიწყო სპეცოპერაცია, კრიმინალების მობილიზება, ესენი თავის შეცდომებზე ვერაფერს სწავლობენ
გრიგოლ ვაშაძე - უკვე დაიწყო სპეცოპერაცია, კრიმინალების მობილიზება, ესენი თავის შეცდომებზე ვერაფერს სწავლობენ

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ზუგდიდის საარჩევნო უბნებზე დარღვევებზე საუბრობს.

მისი თქმით, სოფელ რუხში ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები დაფიქსირდა.

„უკვე დაიწყო სპეცოპერაცია, კრიმინალების მობილიზება. სოფელ რუხში უკვე დაფიქსირებულია მოსყიდვის ფაქტები. სოფელ კოკში კრიმინალებმა დაიწყეს უკვე ცემა-ტყეპა. მე-18 უბანზე 50 ბანდერლოგი ფორსირებს. ალბათ მითითება აქვთ, როდის დაიწყონ სპეცოპერაცია. დამიჯერეთ, ჩაატარებენ სპეცოპერაციას. ესენი თავის შეცდომებზე ვერაფერს სწავლობენ. მოსყიდვის ფაქტებზე როცა ვსაუბრობთ, უტიფრად ამბობენ, რომ ვალი გვქონდაო და მაინდამაინც 19 მაისს დაელოდა, რომ არჩევნების დღეს, უბნის წინ დააბრუნოს ვალი“, – განუცხადა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს ზუგდიდში.

დღეს ხუთ მუნიციპალიტეტში მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება – მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ხულოსა და ზუგდიდში.  მერების რიგგარეშე არჩევნების პარალელურად, საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს რვა მუნიციპალიტეტში. თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ საგარეჯოში, ადიგენში, ახმეტაში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში. ასევე, დღეს მთაწმინდის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება.