გრიგოლ ვაშაძე - უკიდურესად ბედნიერი ვარ, რომ ნიკა მელიას პატიმრობა არ შეეფარდა
გრიგოლ ვაშაძე - უკიდურესად ბედნიერი ვარ, რომ ნიკა მელიას პატიმრობა არ შეეფარდა

უკიდურესად ბედნიერი ვარ, რომ არ შეეფარდა პატიმრობა, – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გრიგოლ ვაშაძე თანაგუნდელ ნიკა მელიას მიმართ გამოტანილ სასამართლოს გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება 25 000-ლარიან ჯარიმას, ვაშაძე ამბობს, რომ მის კანონზომიერებაში ეჭვი ეპარება.

„უპირველეს ყოვლისა, აბსოლუტურად ბედნიერი ვარ, რომ არ შეეფარდა პატიმრობა. უკიდურესად ბედნიერი ვარ, რომ არ შეეფარდა პატიმრობა. 25 000 ლარი ჯარიმის კანონზომიერებაში და იმაში, რომ ეს სამართალს შეესაბემბა, დიდი ეჭვი მაქვს, რადგან ამ სისხლის სამართლის საქმეს 25 ადამიანი განარიდეს, ვინაიდან მათ ჩვენებები მიეცათ ნიკაზე და ზურაბ ადეიშვილზე. ერთ რამეს მინდა, ხაზი გავუსვა, თუ ეს ყველაფერი ნორმალურობისკენ მიმავალი ნაბიჯია, თუ ეს ყველაფერი გადადგმულია, რათა საზოგადოებაში ერთმანეთთან ანგარიშსწორება შეიცვალოს ნორმალური პოლიტიკური კულტურით, ამას მხოლოდ მივესალმები“ ,- აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე ბრალდებულების, იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

ნიკა მელიას ბრალი ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი. 332-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, რაც სამსახურებრივ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, მელია დამნაშავედ იქნა ცნობილი და 25 000 ლარიანი ჯარიმა განესაზღვრა, ხოლო 205-ე მუხლში კი გამართლდა. (ქონების დამალვა მოჩვენებით, ან თვალთმაქცური გარიგებით).

რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს, ადეიშვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნა ცნობილი. მას სასჯელის სახით ხუთი წელი და სამი თვე მიესაჯა.

ამასთან, ნიკა მელიას დამატებით სასჯელად ორი წლით და სამი თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.