გრიგოლ ვაშაძე - თუ ხელისუფლებამ მართლა მოინდომა ამ კრიზისიდან გამოსვლა, დიალოგისა და კომპრომისის გზით დავსხდებით და საარჩევნო მოდალობებზე დავილაპარაკებთ
გრიგოლ ვაშაძე - თუ ხელისუფლებამ მართლა მოინდომა ამ კრიზისიდან გამოსვლა, დიალოგისა და კომპრომისის გზით დავსხდებით და საარჩევნო მოდალობებზე დავილაპარაკებთ

ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, ხელისუფლებამ რაც შეიძლება სწრაფად გაიგოს, რომ არავითარი საარჩევნო ხრიკი, არავითარი მცდელობა და საკენკის დაყრა კონსოლიდირებულ ოპოზიციას ვერ დაარღვევს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები „ეროვნულ- დემოკრატიული მოძრაობის“ ოფისში „ქართული ოცნების“ ინიციატივასთან დაკავშირებით მსჯელობენ, რომელიც საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარებას ითვალისწინებს.

„300 ათასი ხელმოწერაა შეგროვებული იმ პარტიების მიერ, რომლებიც რეგულარულად იკრიბებიან შეხვედრებზე. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ხელისუფლებამ რაც შეიძლება სწრაფად გაიგოს, რომ არავითარი საარჩევნო ხრიკი, არავითარი მცდელობა და საკენკის დაყრა კონსოლიდირებულ ოპოზიციას ვერ დაარღვევს. ყველა ერთი ხმით და ერთი პოზიციიდან დაველაპარაკებით. ამ შეკრების მთავარი აზრი ესაა“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ამასთან, მისი თქმით, ნულოვანი ბარიერი არ არსებობს.

„სახელმწიფო და სამართლის თეორიაში და პრაქტიკაში ბუნებრივი ბარიერი არსებობს. გუშინ მიტინგზე ხალხის ხმა გაიგეთ? მათ ეს საკითხი აღელვებთ მე-15 რიგში. მათ სხვა მოთხოვნები აქვთ. რაც შეეხება გიორგი გახარიას გადადგომას მთელი საზოგადოება ერთსულოვანია, რაც შეეხება დაკავებულების გამოშვებას, აქაც საზოგადოება ერთსულოვანია. რაც შეეხება ბუნებრივ ბარიერს, დავსხდებით“, – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ.

მისი თქმით, თუ ხელისუფლებამ მართლაც მოინდომა კრიზისული ვითარებიდან გამოსვლა საკითხი დიალოგის რეჟიმში განიხილება.

„თუ ხელისუფლებამ მართლა მოინდომა ამ კრიზისიდან გამოსვლა, დიალოგის და კომპრომისის გზით დავსხდებით და საარჩევნო მოდალობებზე დავილაპარაკებთ. ვერავითარ ტრაგედიას ვერანაირ ბარიერში ვერ ვხედავ“, – განაცხადა ვაშაძემ.

„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ გუშინ განცხადება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.