გრიგოლ ვაშაძე - თუ არ მოვნახეთ საშუალება, ჩავატაროთ ნორმალური, დასავლური სტანდარტის არჩევნები, ყველაფერი ცუდად დამთავრდება
გრიგოლ ვაშაძე - თუ არ მოვნახეთ საშუალება, ჩავატაროთ ნორმალური, დასავლური სტანდარტის არჩევნები, ყველაფერი ცუდად დამთავრდება

არავითარი ოპტიმისტური მოლოდინი არ მაქვს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლებთან დიალოგის მეოთხე რაუნდის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ცდილობს, სტრატეგიული მოკავშირეების თვალში წარმოჩინდეს, თითქოს კონსტრუქციულია.

„იქნება რაღაც ისეთი, რომ ჩვენი საერთაშორისო სტრატეგიული მოკავშირეების თვალში გამოჩნდნენ ვითომ კონსტრუქციულებად და ყველანაირად შეინარჩუნონ ერთპიროვნული მმართველობის შესაძლებლობა, ანუ არჩევნებში მიაღწიონ ისეთ შედეგს, რომელიც მათ შეუნარჩუნებს ხელისუფლებას, რაც აბსოლუტურად შეუძლებელია. ამას ჩვენ არ დავთანხმდებით“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ამბობს, აუცილებელია დასავლური სტანდარტის შესაბამისი არჩევნები ჩატარდეს.

„თუ ჩვენ არ მოვნახეთ საშუალება, ჩავატაროთ ნორმალური, დასავლური სტანდარტის შესაბამისი არჩევნები საქართველოში, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება, რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უკვე დაგვენგრა საერთაშორისო რეპუტაცია. საქართველოს რეპუტაცია არ არის ის, რაც ორი წლის წინ იყო. სრული კატასტროფაა. ყველა გვიყურებს სკეპტიკურად და ამ პირობებში ჩვენი რომელიღაც საერთაშორისო მიზნის  მიღწევა შეუძლებელია.  ეს უნდა იყოს პროპორციული არჩევნები. კომპრომისულად თანახმა ვართ „გერმანულ მოდელზე“, კომპრომისულად კიდევ თანახმა ვართ მოდიფიცირებულ „გერმანულ მოდელზე“, რომელსაც ქართული ოპოზიციის კომპრომისული წინადადება დაერქვა“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციას ყველაფერი ნათქვამი აქვს.

„ყველაფერი ნათქვამი გვაქვს. არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდებით იმას, რომ საქართველოში კიდევ ბოგინობდნენ ფეოდალები, რომელთაც მაჟორიტარებს უწოდებენ და რომლებიც არაფერი არ არიან, თუ არა ხელისუფლების დამრტყმელი ძალა“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დღეს დიალოგის მეოთხე რაუნდი იმართება.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, მმართველმა გუნდმა კონკრეტული წინადადებები მოამზადა, რომელსაც შეხვედრაზე წარადგენს და რომლის შესახებაც განმარტებები საზოგადოებისთვის შეხვედრის შემდეგ გაკეთდება.