გრიგოლ ვაშაძე თეა წულუკიანისა და დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს
გრიგოლ ვაშაძე თეა წულუკიანისა და დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს

„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს.

როგორც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, თეა წულუკიანი ხელებს იბანს 2008 წლის ვეტერანებთან დაკავშირებით და აცხადებს მათ კერძო პირებად, რომლებმაც ინდივიდუალურად უნდა დაიცვან თავი ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ.

„რუსეთის 2008 წლის სამხედრო ტერორისტული აგრესიის შემდეგ საქართველოს პროკურატურამ 2012 წლამდე ძალების დაუზოგავად იძიებდა იმ დანაშაულებს, რომლებიც საოკუპაციო არმიამ და სეპარატისტულმა ფორმირებებმა ჩაიდინეს ოკუპირებული ცხინვალის და დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე. 2013 წლის შემდეგ ეს მუშაობა შენელდა, სანამ 2015 წლის მარტში მინისტრმა წულუკიანმა არ შეატყობინა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რომ საქართველოს წყვეტს გამოძიებას, რის შემდეგადაც უკვე ჰააგის სასამართლო ჩაერთო  საქმეში და მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო ე.წ. ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან. თუ ამ საქმის მსვლელობისას ე.წ. ქართული ოცნება იქნება ხელისუფლებაში, მოხდება ჩვენი ჯარისკაცების საქმეების განზოგადება საქართველოს საწინააღმდეგოდ და შედეგად დავდგებით უმძიმესი საფრთხის წინაშე. ე.წ. ოცნებამ და წულუკიანმა შეძლეს წარმოუდგენელი წინა ხელისუფლების დროს ოკუპანტის ქვეყნის პასუხისმგებლობის თემა შემოატრიალეს ოკუპანტ სახელმწიფოს აგრესიის მსხვერპლის საქართველოს წინააღმდეგ. სახეზე გვაქვს პოლიტიკურ მოწინააღმდეგესთან ბრძოლის მიზნით საკუთარი ჯარისკაცებისა და საკუთარი სახელმწიფოს მიმართ საქართველოს ე.წ. ხელისუფლების მხრიდან ჩადენილი ცალსახა ვერაგული აქტი. მოვუწოდებთ წულუკიანს და ზალკალიან, რომ დატოვონ დაკავებული თანამდებობები”, – განაცხადა ვაშძემ.