გრიგოლ ვაშაძე - თავს ვიკავებთ ხელისუფლების კრიტიკისგან, რადგან საზოგადოებას ახლა სჭირდება ერთიანობა, თანადგომა
გრიგოლ ვაშაძე - თავს ვიკავებთ ხელისუფლების კრიტიკისგან, რადგან საზოგადოებას ახლა სჭირდება ერთიანობა, თანადგომა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავს იკავებს ხელისუფლების კრიტიკისგან, რადგან საზოგადოებას ახლა სჭირდება ერთიანობა, თანადგომა. სახელმწიფომ, ყველა მოქალაქემ, ერთად უნდა დავძლიოთ ეს ეპიდემია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, ექიმების რეკომენდაციები გაითვალისწინონ.

„მინდა, ჩემი მოკრძალებული ხმა შევუერთო ჩვენ გმირ ექიმებს, გმირ ექთნებს და ყველა ჩვენ თანამოქალაქეს ვთხოვო, უპირობოდ, ზედმიწევნით დაიცვან ის რეკომენდაციები, რომელსაც ჩვენი მედიკოსები იძლევიან. ეს არის იმის გარანტია, რომ საქართველო ამ ეპიდემიის რუკაზე დარჩება ისევ ისე წარმატებულ ქვეყნებად, როგორც ახლა ვართ სხვა სახელმწიფოებთან შედარებით.

ოპოზიცია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავს იკავებს ხელისუფლების კრიტიკისგან, რადგან საზოგადოებას ახლა სჭირდება ერთიანობა, თანადგომა. სახელმწიფომ, ყველა მოქალაქემ, ერთად უნდა დავძლიოთ ეს ეპიდემია. ის, რამდენად ეფექტური იყო ხელისუფლების ქმედებები, ამას განვსჯით მას შემდეგ, რაც 21-ე საუკუნის შავ ჭირს მოვერევით“,- განაცხადა ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებას მიმართავს, ევროპის ქვეყნებში ჩარჩენილი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უზრუნველყოს.

„საქართველოს ბევრი მოქალაქეა ჩარჩენილი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. უამრავი ზარი შემოდის „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დახმარების თხოვნით. მათ არ აქვთ საშუალება, არათუ კომერციული რეისებით დაბრუნდნენ საქართველოში, არამედ შეღავათიანი ბილეთის ყიდვის.

მინდა, მივმართო ხელისუფლებას! გინდ თხოვნა დაარქვით, გინდ რჩევა – სასწრაფოდ დასაგეგმია ჩარტერული რეისები და ჩვენი მოქალაქეები, მედიკოსების ყველა რჩევის გათვალისწინებით, რაოდენ მკაცრიც არ უნდა იყოს, დავაბრუნოთ ქვეყანაში“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.