გრიგოლ ვაშაძე - თავმჯდომარის პოსტი კი არა, საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინეტიდან გამოვედი და ნორმალურად ვარ, სულ არ მაქვს პრობლემა, ყველას დავუპირისპირდე
გრიგოლ ვაშაძე - თავმჯდომარის პოსტი კი არა, საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინეტიდან გამოვედი და ნორმალურად ვარ, სულ არ მაქვს პრობლემა, ყველას დავუპირისპირდე

საქართველოს მოქალაქეს ყველაზე ნაკლებად აინტერესებს, გაქრება თუ არა კონკრეტული პიროვნება პოლიტიკური რუკიდან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკოსები საზოგადოების უდიდეს ნაწილში გაღიზიანებას იწვევენ.

„თუ 2008 წლის პარლამენტზე ვლაპარაკობთ, იქ ოპოზიცია იმ დონეზე წარმოდგენილი არ იყო, როგორც ეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადმინისტრაციას გაუხარდებოდა. თუ მიშას დაელაპარაკებით, იმავეს დაგიდასტურებთ და რაც მაშინ მოხდა და ახლა ხდება, ჩემს აზრს და გუშინდელ განცხადებას ადასტურებს. გაქრება თუ არა კონკრეტული პიროვნება საქართველოს პოლიტიკური რუკიდან, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ეს საქართველოს მოქალაქეს ყველაზე ნაკლებად აინტერესებს.

არ მგონია, რომ კონცენტრირება ამაზე უნდა გავაკეთოთ. ზოგი თავად წავა, ზოგს პოლიტიკიდან ხალხი გარიყავს, რადგან დარწმუნებული იყავით, რომ საზოგადოების დიდ ნაწილში უკიდურეს გაღიზიანებას ვიწვევთ, იმ პროფესიონალებში, რომლებიც თავიანთ საქმეს პატიოსნად აკეთებენ – მასწავლებლები, ექიმები, მუსიკოსები, მსახიობები, მშენებლები. ის ადამიანები, ვისაც ორივე მხარეს პოლიტიკოსებს ვუწოდებთ,

დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ერთსა და იმავე წრეზე დავდივართ“, – განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის განცხადებით, მას მარტო დარჩენის პრობლემა არ აქვს და მზად არის ყველას დაუპირისპირდეს.

„ყველაზე დიდი მიღწევა მაინც იყო 2012 წლის ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა. ეს რჩება იზოლირებულ ფაქტად. ანუ საქართველოს მოქალაქე ხედავს, რომ კატაკლიზმის, რევოლუციის ტალღის გარეშე, ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია. რა დემოკრატიის და პარტიების მხარდაჭერაზე ვსაუბრობთ?  მე პირადად დავიღალე, რადგან მოქალაქეს ველაპარაკები და ის მეუბნება: ბატონო გრიგოლ, ხმას მოგცემთ და ამ ხმას დაიცავთ? გამოდის, რომ ამ ადამიანებს 2017 წლიდან მე პირადად ვატყუებ, ამის მოთმენა აღარ შემიძლია, თუ ამისთვის მარტო დარჩენაა საჭირო, რომ ეს ხმამაღლა თქვა, ამას ხმამაღლა ვამბობ.

თავმჯდომარის პოსტი კი არა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინეტიდან გამოვედი და ნორმალურად ვარ, ძალიან საინტერესო ცხოვრება მაქვს და სულ არ მაქვს პრობლემა, ყველას დავუპირისპირდე.

ამაზე ვსაუბრობ, თუ აღმოჩნდება, რომ უმცირესობაში ვარ არა მხოლოდ საკუთარ პარტიაში და თუ საზოგადოების დიდი ნაწილი იტყვის, რომ რეალობას მოწყვეტილი ხარ, საერთოდ არ გესმის, რაზე ლაპარაკობ და ახლა რაც ხდება, სრულიად შეესაბამება, ჩვენს ხედვას, როგორი უნდა იყოს საქართველოს რეალობა, მარტო დარჩენის პრობლემა არ მაქვს“, – განაცხადა ვაშაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“.