გრიგოლ ვაშაძე - სენატორმა რიშმა ძალიან სწორად შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერა, ეს არის ძალიან ცოტა და ძალიან გვიან
გრიგოლ ვაშაძე - სენატორმა რიშმა ძალიან სწორად შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერა, ეს არის ძალიან ცოტა და ძალიან გვიან

სენატორმა რიშმა ძალიან სწორად შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერა, ეს არის ძალიან ცოტა და ძალიან გვიან, – ამის შესახებ პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალის“ წარმომადგენელმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძემ კომენტარი გააკეთა სენატის საგარეო კომიტეტის რესპუბლიკელი წევრის, ჯიმ რიშის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ დაგვიანებულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, ხელი მოეწერა შეთანხმებაზე.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, აბსოლუტურად სწორი შეფასებაა იმ ადამიანის, ვინც შეერთებული შტატების სენატში ერთ-ერთი ყველაზე დაინტერესებული პირია.

„რაც შეეხება საქართველოს საგარეო და შიდა პოლიტიკას. სენატორმა აბსოლუტურად სწორი ბრძანა, რადგან ეს 75 მილიონი, რომელსაც მაკროფინანსური დახმარება ჰქვია, ეს მარტო ფინანსური დახმარება კი არ არის, ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერის სიმბოლო. როდესაც შენ უარს ამბობ ამ ფინანსურ დახმარებაზე, რომელიც სხვათა შორის ქვეყნის ეკონომიკას სჭირდება, ამასთან ერთად, უარს ამბობ ევროპის კავშირთან შეთანხმებულ პოზიციებზე, მის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და იმ რეფორმებზე, რომელსაც ევროპის კავშირი ამდენი წელიწადია, სამწუხაროდ, ამაოდ ითხოვს. სენატორმა რიშმა ძალიან სწორად შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერა, ეს არის ძალიან ცოტა და ძალიან გვიან“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ჯიმ რიშის განცხადებით, კარგია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საბოლოოდ დაინახა 19 აპრილის შეთანხმების სარგებელი, მაგრამ ეს ჟესტი ძალიან მცირე და დაგვიანებულია.