გრიგოლ ვაშაძე - საქართველოს დელეგაციას ჟენევის კონსულტაციებში ორიენტირები სრულად აქვს დაკარგული
გრიგოლ ვაშაძე - საქართველოს დელეგაციას ჟენევის კონსულტაციებში ორიენტირები სრულად აქვს დაკარგული

რუსული პრესა რუსულ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჟენევაში ამ თვის ბოლოს დაგეგმილი კონსულტაციების რაუნდზე საქართველო, ე.წ. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია, შეერთებული შტატები და ჟენევის კონსულტაციების თანათავმჯდომარეები, მიიღებენ დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც ჟენევის კონსულტაციებში მონაწილე ყველა მხარე უარს იტყვის ერთმანეთთან ურთიერთობაში ძალის გამოყენებაზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსული პრესა რუსულ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იყენებს იმ ლექსიკას, რომელსაც მიჩვეულია, მაგრამ კიდევ უფრო ნიშანდობლივია, რომ ამას მოჰყვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკმაოდ „ანერვიულებული კომენტარები“, რაც მიუთითებს, რომ საქართველოს დელეგაციამ ჟენევის კონსულტაციებზე მოუხსნა რუსეთს კატეგორიული მოთხოვნა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია იყო ამ კონსულტაციების პირველივე დღიდან.

„კერძოდ, რუსეთს აეღო საქართველოს წინაშე ცალმხრივი სამართლებრივი ვალდებულება ძალის არ გამოყენების შესახებ, ზუსტად ისევე, როგორც ეს გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2010 წლის 23 ნოემბერს, როდესაც თავის გაგზავნილ წერილში გაერო-ს, ეუთო-ს, ევროკავშირს, ნატო-ს და ა.შ. საქართველომ საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულება აიღო ძალის არგამოყენების შესახებ“, – განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, სამწუხაროდ, საქართველოს დელეგაციამ მისცა რუსეთს საშუალება, დეკლარაცია პროპაგანდისტულად გამოიყენოს.

„ამ დეკლარაციით სამწუხაროდ საქართველოს დელეგაციამ მისცა რუსეთს საშუალება, პროპაგანდისტულად გამოიყენოს დეკლარაცია და სადაც საჭიროა ამტკიცოს, რომ მას აღარ სჭირდება ცალმხრივად საერთაშორისო ვალდებულების აღება ძალის არგამოყენების შესახებ და სადაც საჭიროა ამტკიცოს, რა თქმა უნდა, თავისთვის, რომ ეს დეკლარაცია საერთაშორისო სამართლებრვი თვალსაზრისით სავალდებულო ხასიათს არ ატარებს.

იმედი მაქვს, რომ ვცდები, მაგრამ ინფორმაციიდან ჩანს, რომ ჩვენ ასევე უარი ვთქვით მოთხოვნაზე, სასწრაფოდ შეიქმნას უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმი, რის გარეშეც, დეკლარაცია კი არა რუსეთის ფედერაციის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება ან შეთანხმება, უბრალოდ ფარატინა ქაღალდია.

კიდევ ერთი პრობლემა, კიდევ ერთი ნაღმი, რომელიც ამ დეკლარაციაშია ჩადებული, ნახსენებია აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დავუშვით ჟენევის ფორმატის შეცვლა, საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებს , რომლებიც მხოლოდ პირად ხარისხში იყვნენ ამ კონსულტაციებზე, სტატუსი შეეცვალათ. რაც ყველაზე ცუდია, ჩვენ დავთანხმდით იმაზე, რომ მათ საერთაშორისო სამართლებრივი სუბიექტურობის ნიშნები ენიჭებათ. ამ დეკლარაციის მიღებით, ჩვენ შევედით ძალიან ცუდ თამაშში რუსეთთან ერთად, რაც ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს დელეგაციას ჟენევის კონსულტაციებში ორიენტირები სრულად აქვს დაკარგული“, – განაცხადა ვაშაძემ.