გრიგოლ ვაშაძე - „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეესაბამება საქართველოში დღეს შექმნილ რეალობას 
გრიგოლ ვაშაძე - „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეესაბამება საქართველოში დღეს შექმნილ რეალობას 

ეჭვი არასოდეს შემიტანია და არც ახლა ვაპირებ ევროპული სტრუქტურების გადაწყვეტილებებში ეჭვის შეტანას, მაგრამ ის, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება არ შეესაბამება საქართველოში დღეს შექმნილ რეალობას, ესეც ფაქტია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

როგორც გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, „რუსთავი 2“ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და ბრძოლა გრძელდება.

„ჩვენ „რუსთავი 2“-ს არავის დავანებებთ. ჩვენ ამ ტელევიზიას აუცილებლად დავიცავთ ისევე, როგორც სიტყვის თავისუფლებას. იქამდე არაფერი დასრულდება, ვიდრე ჩვენ არ მოვიგებთ არჩევნებს და არ შევწყვეტთ იმ უმსგავსობას, რომელიც ამ სახელმწიფოში ხდება. არასოდეს ეჭვი არ შემიტანია და არც ახლა ვაპირებ ევროპული სტრუქტურების გადაწყვეტილებებში ეჭვის შეტანას. ის, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეესაბამება საქართველოში დღეს შექმნილ რეალობას, ესეც ფაქტია. ვიდრე დიდი პალატის გადაწყვეტილება არ იქნება ვერანაირი ხალვაში ამ ტელევიზიის მფლობელი ვერ გახდება“, – განაცხადა ვაშაძემ.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა. საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა.

ამასთან, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციო განცხადება შეიტანა. სალია შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის რეგისტრირებულ მონაცემებში პარტნიორისა და წილის ცვლილებას ითხოვდა. რამდენიმე საათის შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ქიბარ ხალვაშს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ დაურეგისტრირა.