გრიგოლ ვაშაძე - პოლიტიკური დევნის შეწყვეტისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე ყოველგვარი დიალოგი წარმოუდგენელია
გრიგოლ ვაშაძე - პოლიტიკური დევნის შეწყვეტისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე ყოველგვარი დიალოგი წარმოუდგენელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, პროპორციული არჩევნების, პოლიტიკური დევნის შეწყვეტის, საქმეების დახურვისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე ყოველგვარი დიალოგი წარმოუდგენელია.

ჟურნალისტებთან საუბარში გრიგოლ ვაშაძე საარჩევნო ცვლილებების თაობაზე, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების შესახებ მმართველი გუნდის მოწოდებას გამოეხმაურა.

„მორალურად, ძალიან მძიმე იყო ამ დიალოგის დაწყება, მაგრამ მას შემდეგ, რაც ყველას მაგიდიდან ააცალეს გიგი უგულავა და ოპოზიციაში საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ეს ბოლო დაპატიმრება არ არის, ბოდიში, მაგრამ რა დიალოგზე შეიძლება ვილაპარაკოთ? „ქართულ ოცნებას“ შეთითხნილი ბრალდებებით ადამიანის ციხეში შეგდება არ გაუჭირდება, ეს ყველამ ვიცით. გიგი უგულავამ ამ საქმეზე ერთი ვადა უკვე მოიხადა. ისეთი პრეცედენტი არ არსებობს, როცა ადამიანს ერთსა და იმავე საქმეზე ორჯერ მოუწიოს ციხეში წასვლა, ეს ნონსესია. ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარი იყო, შეთითხნილი ბრალდებით, მაგრამ ადამიანმა თავისი ვადა მოიხადა, რაც ე.წ. სასამართლომ განუსაზღვრა. ახლა საზოგადოების წინაშე ყველა სამართლებრივი თვალსაზრისით აბსოლუტურად გაწმენდილია“, – განაცხადა ვაშაძემ.