გრიგოლ ვაშაძე - პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან, გვარები არ არის ჩაწერილი, მაგრამ არსებობს შეთანხმება და ამის გარანტორი არიან ჩვენი ფასილიტატორები
გრიგოლ ვაშაძე - პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან, გვარები არ არის ჩაწერილი, მაგრამ არსებობს შეთანხმება და ამის გარანტორი არიან ჩვენი ფასილიტატორები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დღეს ბოლო შეხვედრა გაიმართა.

ვაშაძის თქმით, გადაწყდა პოლიტპატიმრების საკითხი, რაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პრინციპული იყო ისევე, როგორც პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემა.

„შეხვედრა საბოლოოა, შემდეგ უკვე აღარაფერი ჩატარდება, ყველაფერი შეთანხმებულია. რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ვიბრძოლეთ და უპირველეს ყოვლისა მივიღეთ ის, რომ პოლიტპატიმრების საკითხი გადაწყდა, ეს ჩვენთვის პრინციპული იყო, აგრეთვე მაქსიმალურად მიახლოებული სისტემა პროპორციულ არჩევნებთან. პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან, ყველა პოლიტიკური დევნისთვის შეთითხნილი საქმეები გაჩერდება. გვარები არ არის ჩაწერილი, მაგრამ შეთანხმება არსებობს და ამის გარანტია არ არის არავინ, ამის გარანტორი არიან ჩვენი ფასილიტატორები. შეთანხმება არსებობს, რომ უნდა გამოვიდნენ და ის საქმეები, რომლებიც წარმოებული არის პოლიტიკური ზეწოლის მიზნით, შეწყდება. ტერმინებზე ნუ ვიდავებთ, ამას შეგიძლიათ დაარქვათ პოლიტპატიმრები, შეგიძლიათ დაარქვათ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეები, შეგიძლიათ დაარქვათ რაც გნებავთ, მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად, გვარების ჩამონათვალი ასჯერ გვაქვს გაკეთებული, ყველაფერი იცით, ამის გარეშე ჩვენ შემდეგ ნაბიჯებს არ გადავდგამთ“ ,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40-პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ.

დატოვე კომენტარი