გრიგოლ ვაშაძე - პირუთვნელად თუ არ შესრულდა შარლ მიშელის დოკუმენტი, პარლამენტის შენობაში ყოფნას არავითარი აზრი არ აქვს
გრიგოლ ვაშაძე - პირუთვნელად თუ არ შესრულდა შარლ მიშელის დოკუმენტი, პარლამენტის შენობაში ყოფნას არავითარი აზრი არ აქვს

პირუთვნელად თუ არ შესრულდა შარლ მიშელის დოკუმენტი, პარლამენტის შენობაში ყოფნას აბსოლუტურად არავითარი აზრი არ აქვს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ვისაც 19 აპრილის შეთანხმების ტექსტი აქვს წაკითხული, მისთვის არავითარი შეკითხვები არ არსებობს.

„როგორც კი, ამ დოკუმენტს ხელი მოეწერა, უზენაესი სასმართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უნდა გაჩერებულიყო და შემდეგ თავიდან უნდა დაწყებულიყო ეს პროცესი უკვე ოპოზიციასთან შეთანხმებით. ჩვენმა მოკავშირეებმა გააკეთეს კომენტარები ამ საკითხზე, მხედველობაში მაქვს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი და ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი. მათაც ცალსახად დაადასტურეს, რომ ეს არის 19 აპრილის შარლ მიშელის დოკუმენტის ძალიან უხეში დარღვევა. რა უნდა იყოს ოპოზიციის პასუხი, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. კიდევ ერთხელ უნდა ავუხსნათ საქართველოს მოქალაქეს, „ქართული ოცნება“ თუ გააგრძელებს ამ დოკუმენტის დარღვევას, ისეთი პირი უჩანს, რომ ძალიან რადიკალურ ზომებზე უნდა დავილაპარაკოთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე, განიხილება თუ არა პარლამენტის მუშაობისთვის ბოიკოტის გამოცხადება, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციაში ამ საკითხზე ჯერ საუბარი არ ყოფილა.

„მთელი ოპოზიციის სახელით ვერ ვილაპარაკებ, რადგან არავითარი სჯა-ბაასი ამაზე არ ყოფილა. ჩემი პირადი აზრია, თუ პირუთვნელად არ შესრულდა ეს დოკუმენტი, ამ შენობაში ყოფნას აბსოლუტურად არავითარი აზრი არ აქვს“, – განაცხადა ვაშაძემ.