გრიგოლ ვაშაძე - პატრიარქთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რომ მეორე ტური დემოკრატიულ გარემოში, შეურაცხყოფისა და დაპირისპირებების გარეშე უნდა ჩატარდეს
გრიგოლ ვაშაძე - პატრიარქთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რომ მეორე ტური დემოკრატიულ გარემოში, შეურაცხყოფისა და დაპირისპირებების გარეშე უნდა ჩატარდეს

პატრიარქის თხოვნა და ვერდიქტი იყო, რომ საქართველოში ოპოზიცია არასოდეს აღარ უნდა იყოს განდევნის ობიექტი, დატერორებისა და დევნის საგანი და როგორც ყველა ნორმალურ, დემოკრატიულ ჩვენს მოკავშირე ქვეყანაში, უნდა გადაიქცეს ხელისუფლების ნაწილად, რომელიც აკრიტიკებს, რჩევებს აძლევს და აკონტროლებს ხელისუფლებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, პატრიარქთან შეხვედრაზე საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებზე ისაუბრეს.

„უწმინდესმა მიგვიღო, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენთვის მისი ყველი სიტყვა მნიშვნელოვანი არის. უპირველეს ყოვლისა, ვისაუბრეთ იმ გამარჯვებაზე, რომელიც მთელმა საზოგადოებამ, ერმა და ბერმა მოიპოვა. რაც შეეხება იმ ბოდვით „კანონპროექტს“, რომელიც ე.წ. ხელისუფლებას ჰონდა, რომელიც საქართველოს ნარკოპლანტაციად გადაქცევას ითვალისწინებდა და ჩვენ ხელისუფლებას კიდევ ნარკორეალიზატორად გადააქცევდა, ეს ბრძოლა გასაგრძელებელია. ერთი წუთით არ შეიძლება ყურადღების მოდუნება, რადგან არ არსებობს ოლიგარქი, რომელიც 500%-იან მოგებაზე, როგორც თვითონ ამბობს, უარს იტყვის“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში, დაპირისპირებისა და ინციდენტების გარეშე უნდა ჩატარდეს.

„ვისაუბრებთ იმაზე, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უნდა ჩატარდეს მშვიდ, ცივილიზებულ დემოკრატიულ გარემოში, სადაც არ ექნება ადგილი, არც სიტყვიერ შეურაცხყოფებს, არც ფიზიკურ დაპირისპირებებსა და არც ისეთ ამაზრზენ ინციდენტებს, რომელიც კასპში, მარნეულში და ახალქალაქში მოხდა. ინციდენტი ახლა ვაზისუბანში მოხდა“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლებმა საქართველოში ერთპარტიული მმართველობის წინააღმდეგ პატრიარქს საკუთარი გეგმა გააცნეს.

„უწმინდესს ძალიან აინტერესებდა, რა გეგმები გვაქვს იმისთვის, რომ საქართველოში დაინგრეს მახინჯი სისტემა, რომელიც ამდენი წელიწადია ბადებს ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობას. დეტალურად ვუამბეთ ამ გეგმებზე“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, მისი თქმით, პატრიარქთან შეხვედრა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელთა ინიციატივით შედგა.

„ჩვენი ინიციატივით იყო ეს შეხვედრა და უღრმესი მადლობა უწმინდესს, რომ ვთხოვეთ შეხვედრა გუშინ საღამოს და მიუხედავად თავისი გრაფიკისა, დრო გამონახა“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძე კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წარმოამდგნლებთან გიორგი ვაშაძესა და ნიკა რურუასთან ერთად შეხვდა.

დატოვე კომენტარი