გრიგოლ ვაშაძე - პარლამენტთან შევიკრიბებით, რომ ხმამაღლა ვთქვათ ჩვენი სათქმელი, აღარ მოვითმენთ ამდენ დამცირებასა და შეურაცხყოფას
გრიგოლ ვაშაძე - პარლამენტთან შევიკრიბებით, რომ ხმამაღლა ვთქვათ ჩვენი სათქმელი, აღარ მოვითმენთ ამდენ დამცირებასა და შეურაცხყოფას

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა საზოგადოებაში გაგრძელდეს პოლიტიკური სამოქალაქო ომი და დაპირისპირება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ გიორგი გახარიას პრემიერად წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას დამტკიცება არ მოხდეს.

„დღე მშვიდობისაო ვერ გეტყვით, რადგან ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ საზოგადოებაში გაგრძელდეს პოლიტიკური სამოქალაქო ომი და დაპირისპირება, რომ საშუალება არ მისცეს სახელმწიფოს ნორმალური განვითარებისთვის. ამის მოთმენა აღარ შეიძლება. იმის ნაცვლად, რომ წყნარად და მშვიდად მოვემზადოთ საპარლამენტო არჩევნებისთვის, ერთი პროვოკაციული ნაბიჯი იცვლება მეორეთი. გახარიას წარდგენა პრემიერ-მინისტრის პოსტზე არის შეფურთხება ჩვენი სახელმწიფოსთვის, საზოგადოებისთვის, მთელი ოპოზიციური სპექტრისთვის და განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც თავის კონსტიტუციურ უფლებებსა და ქვეყნის ინტერესებს იცავდნენ 20 ივნისს, რომლებმაც ჯანმრთელობა დაკარგეს. არც ერთი ამ ადამიანის ჯანმრთელობა არ ღირს არც გახარიად და არც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებად, რომელიც განწირულია, დაპირისპირებულია საქართველოს მოქალაქესთან და ოპოზიციურ სპექტრთან. ყველაფერი უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, საზოგადოებამ, რათა პრემიერ-მინისტრის პოსტზე გახარიას დამტკიცება არ მოხდეს. კატეგორიულად მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, შეცვალეთ ეს კანდიდატურა, ნუ გაამწვავებთ დაპირისპირებას“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კითხვაზე, რა გეგმები აქვს გაერთიანებულ ოპოზიციას, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ გაერთიანებული ოპოზციის ყველა წევრი და მხარდამჭერი დღეს საღამოს, 19:00 საათზე პარლამენტთან შეიკრიბება და გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენას გააპროტესტებენ.

„შევიკრიბებით, რომ ხმამაღლა ვთქვათ ის ჩვენი სათქმელი, რაც გვაქვს და რაც ნიშნავს, რომ აღარ მოვითმენთ ამდენ დამცირებასა და შეურაცხყოფას.​ ​ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ადამიანი, რომელიც ჯალათად გამოვიდა 20 ივნისს, არ დაამტკიცონ პრემიერ-მინისტრის პოსტზე. ეს არის ჩვენი სახელმწიფოსა და მოქალაქეების შეურაცხყოფა. ჩვენ თუ არ დავიცავით ის ბავშვები, ვინც 20 ივნისს აპროტესტებდნენ ამ ხელისუფლების უგუნურობას, არაპროფესიონალიზმსა და უცოდინრობას, მაშინ კაპიკი არის ჩვენი ფასი“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.