გრიგოლ ვაშაძე - ოპოზიცია შეთანხმდა, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლების იდეები მიუღებელია
გრიგოლ ვაშაძე - ოპოზიცია შეთანხმდა, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლების იდეები მიუღებელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციის დღევანდელ შეკრებაზე ისაუბრეს ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებთან არაფორმალური კონსულტაციების დროს იყო ნახსენები.

ვაშაძის თქმით, ოპოზიცია შეთანხმდა, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის იდეები მიუღებელია.

თუმცა, შეთანხმებიდან გამომდინარე, ვაშაძე არ საუბრობს დეტალებზე, კონკრეტულად რა წინადადებას სთავაზობს მათ მმართველი პარტია.

„მომლაპარაკებელმა მოვახსენეთ ყველაფერი არაფორმალურ განხილვებზე, მათ შორის იმ იდეების კომპლექტზე, რომლითაც ხელისუფლება შემოდიოდა ამ არაფორმალურ კონსულტაციებზე და ის, რასაც ჩვენ ვპასუხობდით ამ კონსულტაციებზე.

მაგიდა შეთანხმდა, რომ პირველი – ეს იდეები არის მიუღებელი, მაგრამ სანამ დეტალებზე დავიწყებთ საუბარს, რატომ არის მიუღებელი, კეთილი ინებონ და რადგან პირველი ბრიფინგი ჩაატარეს, ახლა მეორეც გააკეთონ, საზოგადოებას დეტალურად მოუყვნენ საკუთარი წინადადება, ვიდრე ეს არ იქნება, არაფერი არ არის შეთავაზებული. მითუმეტეს, ორივე მხარეს აღებული აქვს ვალდებულება, არც ერთი იდეა მაგიდის გარეთ არ გავა.

მეორე, ყველა ლაპარაკს თან უნდა ერთვოდეს ახსნა, რას აპირებენ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, იმ საქმეების შეწყვეტასთან დაკავშირებით, რომლებიც სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური დევნა. მესამე და მთავარი – ბოლოს და ბოლოს, თუ რაღაცის გაკეთებას აპირებენ, ძალიან მარტივი რამაა გასაკეთებელი, გამოვიდნენ ჩვენთან ერთად, მოუყვნენ საზოგადოებას წინადადებები და დარწმუნებული იყავით, ჩვენ  ას პროცენტიან არგუმენტაციას მოგიყვანთ, რატომ არ შეიძლება ამაზე დათანხმება“ ,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.