გრიგოლ ვაშაძე - ობიექტური, თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზე მდგომი ტელევიზია ხელში ჩაუვარდა ოლიგარქს, რაც ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესებს აფერხებს
გრიგოლ ვაშაძე - ობიექტური, თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზე მდგომი ტელევიზია ხელში ჩაუვარდა ოლიგარქს, რაც ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესებს აფერხებს

არასოდეს არ შეგვიტანია ეჭვი ევროპული სტრუქტურების ობიექტურობაში, მაგრამ ისიც გასაგებია, რომ სტრასბურგის სასამართლო პროცედურული ასპექტების განხილვისას ვერ გაითვალისწინებდა ჩვენ სახელმწიფოში არსებულ კონტექსტს და ვერ გაითვალისწინებდა, ალბათ იმასაც, როგორ ისარგებლებდა ე.წ. ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

გრიგოლ ვაშაძემ დღეს პრესკონფერენცია გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ჩაატარა და აღნიშნა, რომ  დამოუკიდებელი, ობიექტური, თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზე მდგომი ტელევიზია ხელში ჩაუვარდა ოლიგარქს, რაც ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესებს აფერხებს და ოპოზიციის წვდომას ამომრჩეველთან საგრძნობლად ასუსტებს.

„ოპოზიციას არ შეეძლო არ გაეკეთებინა განცხადება იმ რეიდერულ ხელში ჩაგდებებზე, რაც ხელისუფლებამ განახორციელა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით. ჩვენ ამ წუხილს უერთდება სრულიად სამოქალაქო საზოგადოება, აქ მყოფი ოპოზიციური სპექტრი, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენ ვითხოვდით, ვთხოვდით ამ დროის განმავლობაში, რომ ხელისუფლებას არ გადაეფორმებინა ტელევიზია ე.წ. მფლობელისთვის და დალოდებოდა დიდი პალატის საბოლოო გადაწყვეტილებას, როგორც მან არაერთხელ განახორციელა პოლიტიკური პატიმრებთან მიმართებაში, კერძოდ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვაშაძე.

მისივე თქმით, ისტერიულად, დაჩქარებული წესით ტელევიზია გადაუფორმდა რეიდერ ქიბარ ხალვაშს და დაინიშნა ახალი გენერალური მდივანი.

„რუსთავი 2“ არ არის კილომეტრობით კაბელები, „რუსთავი 2“ არ არის მხოლოდ აპარატურა. „რუსთავი 2“ არ არის გადაცემები სავაჭრო ნიშანი თუ ლოგო. „რუსთავი 2“ უპირველეს ყოვლისა არის იდეოლოგია და ღირებულებები. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ქიბარ ხალვაში ვერასდროს ვერ გახდება „რუსთავი 2“-ის მფლობელი მხედველობაში უპირველეს ყოვლისა გვაქვს ის, რომ ეს ტელევიზია მის ხელში შეწყვეტს იმ ფუნქციებისა და როლის შესრულებას, რომელსაც „რუსთავი 2“ საზოგადოებისთვის ასრულებდა. მინდა, მხარდამჭერებსა და პარტიის წევრებს მივმართო, არავითარი სასოწარკვეთილების არც საჭიროება არის და არც მიზეზი. ჩვენ საპარლამენტო არჩევნებზე ღირსეულ პასუხს გავცემთ ამ ხელისუფლებას, დავამარცხებთ და დაუბრუნებენ ტელევიზიას მაყურებელს და ქვეყანას მოქალაქეს. „რუსთავი 2“ იქნება თუ მის გარეშე, ამ არჩევნებს მოვიგებთ“, – განაცხადა ვაშაძემ.