გრიგოლ ვაშაძე - ნიკა მელიას ქმედებებში არ ყოფილა არაფერი ისეთი, რაც პარლამენტის წევრის სტატუსს ეწინააღმდეგება
გრიგოლ ვაშაძე - ნიკა მელიას ქმედებებში არ ყოფილა არაფერი ისეთი, რაც პარლამენტის წევრის სტატუსს ეწინააღმდეგება

ნიკა მელიას ქმედებებში არ იყო არავითარი სისხლის სამართლის დანაშაული, არ იყო არაფერი, რაც ეწინააღმდეგებოდა მის სტატუსს, როგორც პარლამენტის წევრს, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე გენერალური პროკურატურის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვით, პროკურატურა ნიკა მელიას დაპატიმრებისთვის პარლამენტისგან თანხმობას ითხოვს.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებას პირდაპირი პოლიტიკური დიალოგი დაეწყო, ბოლშევიკური ტერორი დაიწყო.

„უკვე გამოაცხადეს, რომ აპატიმრებენ არა გაერთიანებული ოპოზიციის, მაგრამ კონსოლიდირებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას. დამიჯერეთ, ეს ბოლო დაპატიმრება არ არის. თუ შედგა ეს დაპატიმრება, ამას კიდევ ბევრი სხვა დაპატიმრება მოჰყვება. განწირული ხელისუფლებისთვის ყველაზე მთავარი არის ყურადღების გადატანა ძიძგილაობაზე, დაპირისპირებაზე, ქუჩაში ერთმანეთზე თავპირის მტვრევასა და სასამართლო პროცესებზე, სადაც უდანაშაულო ხალხს გაასამართლებენ იმისთვის, რომ ისინი საქართველოს მოქალაქის პროტესტს შეუერთდნენ. ნიკა მელიას ქმედებებში არ იყო არავითარი სისხლის სამართლის დანაშაული, არ იყო არაფერი, რაც ეწინააღმდეგებოდა მის სტატუსს, როგორც პარლამენტის წევრს, ნიკა მელია გამოიტანეს ხელით პარლამენტიდან და ჩამოუშვეს ქვემოთ ქუჩაში. ერთადერთი რაც თქვა ამ ადამიანმა, იყო ის, რომ საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება, შევიდეს ამ შენობაში, რომელსაც ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ფულით ვინახავთ და ამ სადამსჯელო რაზმსაც ჩვენი ფულით ვინახავთ.

არაფერი აღარ უშველის ამ ხელისუფლებას, რადგან აღმოჩნდა, რომ სახალხო პროტესტის მეექვსე დღეს ვერ გაიგეს მარტივი რაღაც. ნიკა მელიას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, გაერთიანებულ ოპოზიციას და კონსოლიდირებულ ოპოზიციას კი არ არიან დაპირისპირებული, დაპირისპირებული არიან საქართველოს მოქალაქესთან. საქართველოს მოქალაქე არ აპატიებს მათ იმას, რომ პოლიტიკური დიალოგის მაგივრად იწყება რეპრესიები და ბოლშევიკური ტერორი. იმიტომ არიან 90-იანი წლების მემკვიდრეები, რომ სტალინის სისხლი უჩქეფთ ძარღვებში და ჰგონიათ, რომ ციხით, დაპატიმრებით, სასამართლოთი რაღაცას მიაღწევენ. რასაც მიაღწევენ, ამასაც ვნახავთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოტანილია დადგენილება ნიკანორ მელიას ბრალდების შესახებ. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, საქართველოს გენერალური პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს გამოძიებას 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით.