გრიგოლ ვაშაძე - მთელი ქალაქი შემოვიარე და ხალხის განწყობა აჩვენებს, რომ არჩევნებში დამაჯერებლად ვიმარჯვებთ
გრიგოლ ვაშაძე - მთელი ქალაქი შემოვიარე და ხალხის განწყობა აჩვენებს, რომ არჩევნებში დამაჯერებლად ვიმარჯვებთ

ზუგდიდში 16:00 საათია და საბოლოო გამარჯვებამდე ოთხი ნაბიჯი რჩება, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ზუგდიდში ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს აქტიურად გამოხატავს, საარჩევნო უბნებზე მიდის და სანდრა რულოვსს მხარს მასიურად უჭერს.

„მთელი ქალაქი შემოვიარე და ხალხის განწყობა აჩვენებს, რომ არჩევნებში დამაჯერებლად ვიმარჯვებთ და ამის დასტურია პანიკაში მყოფი „ქართული ოცნება“, მისი პოლიტიკური პოლიცია სუს-ი, პროვოკატორები, ზონდერები, სიგარეტის კოლოფში ჩაჭუჭყნილი ფული, რომელსაც მოყვანილ ხალხს ხარკად უხდიან. სრულიად ნირწამხდარი და დემორალიზებული არიან. ამის კიდევ ერთი დასტურია, ე.წ. „ქართული ოცნების“ მთავარი გამყალბებელი შინაგან საქმეთა მინისტრი ზუგდიდში სასწრაფოდ ჩამოქანდა. საარჩევნო უბნებს ეფექტურად ვაკონტროლებთ, განსაკუთრებით, ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ლაივ კამერებით, დრონებით და ა.შ. ჩვენი წარმომადგენლები აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას და გთხოვთ, ერთი წუთით არ შეანელოთ პროფესიული აქტივობა, რასაც დილიდან ეწევით და ამას უზარმაზარი შედეგი მოაქვს. ხმების მიცემისა და დაცვის პროცესში აქტიურობა გააგრძელეთ, რადგან გამარჯვებამდე ოთხი ნაბიჯი რჩება“, – აღნიშნა ვაშაძემ.

ვაშაძე ოპონენტებს აფრთხილებს, რომ არჩევნების გაყალბების მცდელობა, ან არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია.

„საქართველოს მოქალაქე არავის არ აპატიებს, თავისი ნებისა და კონსტიტუციური უფლების ფეხქვეშ გათელვას. ამაზე პასუხი აუცილებლად მოგეკითხებათ. 2018 წელს ფეხებით გათელეთ საქართველოს დემოკრატიული რეპუტაცია და ნუ გაიმწვავებთ ცხოვრებასა და ახალ თაობას მომავალს ნუ მოუსპობთ“, – განაცხადა ვაშაძემ.