გრიგოლ ვაშაძე - მინდა, პარლამენტში მსხდომებს ვკითხო, როგორ არ მოგაფიქრდათ არც ერთს, დაზარალებულებისთვის თანაგრძნობის ერთი სიტყვა გეთქვათ
გრიგოლ ვაშაძე - მინდა, პარლამენტში მსხდომებს ვკითხო, როგორ არ მოგაფიქრდათ არც ერთს, დაზარალებულებისთვის თანაგრძნობის ერთი სიტყვა გეთქვათ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე გაერთიანებული ოპოზციის სახელით ხელისუფლებას მოუწოდებს, პოლიტიკური დიალოგი დაიწყოს.

მისი თქმით, მეექვსე დღეა, სახალხო პროტესტი გრძელდება და ყველა იმედოვნებდა, რომ პარლამენტი პირველივე სხდომაზე განიხილავდა საკითხებს, რომელიც მოქალაქეებს აწუხებს.

„ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს იმედი ჰქონდა, რომ პარლამენტის პირველივე სხდომაზე იმ საკითხების განხილვა დაიწყებოდა, რაც საქართველოს მოქალაქეებს ასე მტკივნეულად აღელვებს. ამის ნაცვლად, ვნახეთ ჯერ ძალადობრივი, უნიჭოდ დადგმული პროვოკაცია და შემდეგ უნიჭოდ დადგმული ზეიმი. სავალალოა, რომ ძალადობა, რომლის ადრესატი ოპოზიცია იყო, სინამდვილეში, განხორციელდა საქართველოს მოქალაქეებზე და ზეიმი საქართველოს მოქალაქეების კიდევ ერთი ღირსების შემლახავი ფაქტი იყო. შვიდი წელია, სახელმწიფო იმყოფება კრიზისში და გვაქვს ერთპარტიული და ერთპიროვნული დიქტატურა. გაერთიანებული ოპოზიციის სახელით მინდა, ვკითხო ამ პირებს, ვინც პარლამენტში ისხდა, როგორ არ მოგაფიქრდათ არც ერთს, რომ დაზარალებულებისთვის ერთი თანაგრძნობის სიტყვა გეთქვათ. რაც შეიძლება სწრაფად შეასრულეთ ხალხის მოთხოვნა და რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეთ პოლიტიკურ დიალოგზე, თუ არ გინდათ თქვენს გაჯიქებას, გახარიას და სხვა დამნაშავეების გადარჩენას გადააყოლოთ სახელმწიფო და სამოქალაქო მშვიდობა“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციას რევანში არ სჭირდება და მზად არის დიალოგისთვის.

„არც რევანში გვჭირდება, მზად ვართ, დიალოგისთვის და სხვათა შორის, იმ ღამესაც ვიყავით, როცა გაზი შეგვასხით თვალებში“, – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ.