გრიგოლ ვაშაძე - მიხეილ სააკაშვილის დროს დემონსტრანტებს რეზინისა და პლასტიკის ტყვიებს სახეში არავინ ესროდა, არავინ წამლავდა გაზით ისე, როგორც ახლა იყო
გრიგოლ ვაშაძე - მიხეილ სააკაშვილის დროს დემონსტრანტებს რეზინისა და პლასტიკის ტყვიებს სახეში არავინ ესროდა, არავინ წამლავდა გაზით ისე, როგორც ახლა იყო

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რუსულ გამოცემა „კომერსანტთან“ ისაუბრა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მთავრობამ 20 ივნისის ღამით მომხდარ არეულობაზე პასუხისმგებლობის დაკისრება ჯერ ოპოზიციაზე სცადა, შემდეგ კი რუსეთზე.

როგორც გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, ამ ხერხით ხელისუფლებას იმ სირცხვილისგან თავის დაღწევა სურდა, რომელშიც არაპროფესიონალიზმის გამო აღმოჩნდა.

„ყოველთვის ასე ხდება, როდესაც ქმედუუნარო მთავრობაა. ნებისმიერი შეცდომა საყოველთაო კატასტროფად იქცევა ხოლმე. რასაც ახლა ვხედავთ, არის არაკომპეტენტური მთავრობის ნათელი მაგალითი, რომელსაც საკუთარი ნაბიჯების შედეგების გათვლა არ შეუძლია“,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ინტერვიუს დროს.

მისივე თქმით, ერთი კვირის განმავლობაში მთავრობას აფრთხილებდნენ, რომ არ შეიძლებოდა იმ ადამიანის ქვეყანაში შეშვება, რომელმაც არაერთხელ დაარღვია საქართველოს კანონი.

გრიგოლ ვაშაძის განმარტებით, მისთვის ყველაზე აღმაშფოთებელი იყო ფაქტი, რომ პროგრამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ანტირუსულ განწყობას რუს ტურისტებთან არანაირი კავშირი არ აქვს.

გრიგოლ ვაშაძის განმარტებით, თბილისში ახლაც ძალიან ბევრი რუსი ტურისტი იმყოფება და ქალაქში მშვიდად გადაადგილდება.

ინტერვიუს დროს გამოცემა „კომერსანტის“ ჟურნალისტმა 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია გაიხსენა და აღნიშნა, რომ კამპანიის დროს ბიძინა ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი ტელევიზიები ხალხს სწორედ მიხეილ სააკაშვილის დროინდელი ვიდეოებით აშინებდნენ, სადაც დემონსტრანტების დარბევის კადრებს აჩვენებდნენ. ამ კითხვაზე გრიგოლ ვაშაძემ უპასუხა, რომ მაშინ დემონსტრანტებს რეზინის ტყვიებს სახეში არავინ ესროდა.

„იმ დროის ნებისმიერი კადრი ახლანდელს რომ შევადაროთ, სისასტიკეში გიგანტურ სხვაობას დავინახავთ. მაშინ დემონსტრანტებს რეზინისა და პლასტიკის ტყვიებს სახეში არავინ ესროდა, არავინ წამლავდა გაზით ისე, როგორც ახლა იყო“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ინტერვიუს დროს.