გრიგოლ ვაშაძე - მიხეილ სააკაშვილი ქართულ საავადმყოფოში მაინც გადაიყვანეთ, მისი მდგომარეობა კატასტროფულია
გრიგოლ ვაშაძე - მიხეილ სააკაშვილი ქართულ საავადმყოფოში მაინც გადაიყვანეთ, მისი მდგომარეობა კატასტროფულია

ტრაგედიამდე უნდა მივიდეს ყველა ხელისუფლება საქართველოში, რომ მერე პირჯვარი გადაიწეროს და რამის გაკეთება დაიწყოს? ადამიანობა თუ არ გყოფნის, პრაგმატულობა მაინც ხომ უნდა გქონდეს, რომ მიხვდე, რას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის მკვლელობა ციხეში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გრიგოლ ვაშაძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი სამკურნალოდ არის გადასაყვანი.

„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საგანგაშო კი არ არის, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით – კატასტროფულია. ადამიანს აქვს ანორექსია, საჭმელს ვერ ჭამს. ორჯერ აერია გული, ვიდრე იქ ვიყავი. წყლის გარდა ვერაფერს იღებს. აქვს ანემია. რომ შეხედავთ, ვერ იცნობთ, ისე არის გამხდარი და გადაგრეხილი აქვს ფეხზე კუნთები. მაინდამაინც ტრაგედიამდე უნდა მივიდეს ყველა ხელისუფლება საქართველოში, რომ მერე პირჯვარი გადაიწეროს და რამის გაკეთება დაიწყოს? ადამიანობა თუ არ გყოფნის, პრაგმატულობა მაინც ხომ უნდა გქონდეს, რომ მიხვდე, რას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის მკვლელობა ციხეში. გადაიყვანეთ სამკურნალოდ ეს ადამიანი. ქართულ საავადმყოფოში მაინც გადაიყვანეთ. ამისთანა იდიოტიზმი შეიძლება 30 წელი გრძელდებოდეს ამ ქვეყანაში? ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერაფერი ისწავლოს და შემდეგ ეკითხებოდნენ ერთმანეთს, გვეშველება რამეო? არაფერი არ გვეშველება არასდროს“, – განაცხადა ვაშაძემ.