გრიგოლ ვაშაძე - მე ისედაც და ასედაც დიდი ალბათობით პარლამენტში აღარ შევდივარ
გრიგოლ ვაშაძე - მე ისედაც და ასედაც დიდი ალბათობით პარლამენტში აღარ შევდივარ

მე ისედაც და ასედაც დიდი ალბათობით პარლამენტში აღარ შევდივარ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ის ქუთაისის მოსახლეობას დაპირდა, რომ თუ მაჟორიტარულ ნაწილში ვერ გაიმარჯვებდა, პარლამენტში სიით არ შევიდოდა.

„მე ისედაც და ასედაც დიდი ალბათობით პარლამენტში აღარ შევდივარ. იმიტომ, რომ ჩემს ქუთაისელებს, ჩემს ბიჭებს და გოგონებს პირობა მივეცი, რომ თუ ვერ ვიგებთ მაჟორიტარულ არჩევნებს, მე სიით პარლამენტში არ შევდივარ. პირობა მივეცი“, – აღნიშნა ვაშაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, ოპოზიციამ მეორე ტურში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.

„დღეის მონაცემებით, ოპოზიციამ მეორე ტურში მონაწილეობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოს. ჩვენ რომ ეს პროცესი დაგვეწყო, რომელზეც ამდენი ხანია მიგვითითებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების წარმომადგენლები, ეს შესაძლებელი გახდებოდა“, – განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე, 21 ნოემბრამდე შეიძლება თუ არა რამე გაკეთდეს, ვაშაძემ უპასუხა: „ჩემი სასოწარკვეთაც ამ განცხადებაში გამოიხატა“.

„რაღაცა უნდა გაკეთდეს იმიტომ, რომ ჩვენ 2021 წელს თუ შევედით ერთპარტიული, ჩრდილოეთ კორეული პარლამენტით და მარგინალიზებული ოპოზიციით, რომელსაც მოქალაქის დაცვის არავითარი სამართლებრივი ბერკეტი აღარ დარჩება და ყველა ჩვენი დემოკრატიული თანამეგობრობის წინაშე გამოვჩნდებით როგორც ადამიანები, რომლებსაც თვითმმართველობა არ შეუძლია, ეს იქნება სრული კატასტროფა“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“.