გრიგოლ ვაშაძე მალხაზ მაჩალიკაშვილთან და ზაზა სარალიძესთან ერთად მსვლელობას მართავს
გრიგოლ ვაშაძე მალხაზ მაჩალიკაშვილთან და ზაზა სარალიძესთან ერთად მსვლელობას მართავს

„ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მალხაზ მაჩალიკაშვილთან, ზაზა სარალიძესთან და პარტიის მხარდამჭერებთან ერთად ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობას მართავს. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

ზაზა სარალიძის განცხადებით, მხარს დაუჭერს ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მას გვერდით დაუდგება. კითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს გაერთიანებულ ოპოზიციას „ძალა ერთობაშია“ სარალიძე კონკრეტულად არ პასუხობს, თუმცა ის გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ფილარმონიაში მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად მივიდა.

„გაერთიანების დროა, რათა ბოროტ ძალას ვებრძოლოთ. ჩვენ მიერ განაცხადი ცნობილია, ზოგ პარტიასთან თავად მივალთ, ზოგი ჩვენთან მოვა. აბსოლუტურად ნებისმიერ პარტიას მივმართავთ, დავდგეთ მკვლელი ხელისუფლების წინააღმდეგ. ჩვენ ყველას დავანახებთ, რომ ორი კაცი არ ვართ და მთელი საქართველო გაერთიანებულია ამ ყველაფრის წინააღმდეგ. არამარტო ამ პარტიის შეკრებაზე, არამედ ნებისმიერი პარტიის შეკრებაზე მივალთ. მმართველი გუნდიდანაც თუ კიდე ვინმეს ადამიანობა შერჩენია, შეუძლია მოვიდეს ჩვენთან და ერთად დავუდგეთ ამ უსამართლობას“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ მხარს უჭერს გაერთიანებულ ოპოზიციას „ძალა ერთობაშია“.

„დიახ, მხარს ვუჭერ, რატომ არ უნდა დავუჭირო მხარი, თუ ხელისუფლება არ გვყავს. ყველა ნებისმიერ პარტიას ვუჭერ მხარს“, – ასე უპასუხა მალხაზ მაჩალიკაშვილმა კითხვას, უჭერს თუ არა მხარს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გრიგოლ ვაშაძეს.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა და ზაზა სარალიძემ იქ შეკრებილებს სცენიდან სიტყვით მიმართეს.

„ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ სწორედ ამ შეხვედრაზე მოუწოდა მხარდამჭერებს, პარლამენტისკენ მსვლელობა მოეწყოთ.