გრიგოლ ვაშაძე - მაჟორიტარი საბოლოოდ რეგიონში ინდიელების ტომის ბელადად ყალიბდება
მაჟორიტარი საბოლოოდ, ინდიელების ტომის ბელადად ყალიბდება იმ რეგიონში, სადაც ხელისუფლება დანიშნავს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ რუსთავში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია პროპორციულ რეგიონულ სისტემაზე გადასვლა, რადგან ვაშაძის აზრით, მაჟორიტარი რეგიონში მხოლოდ საკუთარი ბიზნესინტერესების დასაცავად მოდის.
კითხვაზე, რას ითხოვს ხელისუფლებისგან, „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი აცხადებს, რომ მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა.
„აუცილებელია საარჩევნო ადმინისტრაციის ტოტალური შეცვლა და ახალი წესით დაკომპლექტება, რომელშიც პარიტეტული საწყისები იქნება ჩართული, რა თქმა უნდა, ისინი, ვინც ხელისუფლებაში იმყოფებიან, პოლიტიკური პარტიები და აუცილებლად სამოქალაქო საზოგადოება. ჩვენი მოთხოვნაა ასევე საოლქო კომისიების გაუქმება, რომელიც არაფერი არ არის გაყალბების კიდევ ერთი მექანიზმის გარდა და გადასვლა პროპორციულ რეგიონალურ სისტემაზე, რადგან მაჟორიტარი, როგორც წესი, მოდის თავისი ფულით და ბიზნესინტერესების დასაცავად. ამ ხალხს არავითარი სხვა ინტერესი არ აქვს. კანონპროექტების დამუშავებასა და ქვეყნის კურსის განსაზღვრაში არავითარ მონაწილეობას არ აპირებენ. საბოლოოდ, მაჟორიტარი ყალიბდება ინდიელების ბელადად იმ რეგიონში, სადაც ხელისუფლება ნიშნავს. ეს მერე უკანონობაში გადადის.
თუ ჩვენ მყარი პოლიტიკური სისტემა გვსურს, ამას სჭირდება მყარი, მოუსყიდავი პარტიული სისტემა. ეს სისტემა არ ჩამოყალიბდება მანამ, სანამ პარტიებს არ მივცემთ საშუალებას, არჩევნებში ზუსტად იმ ხმების შესაბამისი პოლიტიკური წონა აიღონ, რაც არჩევნებში მიიღეს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.