გრიგოლ ვაშაძე - კიდევ ერთი ცუდი და მძიმე დღე გაგვითენდა საქართველოში
გრიგოლ ვაშაძე - კიდევ ერთი ცუდი და მძიმე დღე გაგვითენდა საქართველოში

კიდევ ერთი ცუდი და მძიმე დღე გაგვითენდა საქართველოში, პირველად ვნახე როგორ ატარებდა სტალინის რუსეთში ვიშინსკი ოპოზიციის საწინააღმდეგო პროცესს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

როგორც გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, 28 ნოემბერსა და 16 დეკემბერს საქართველოში დიქტატურა დამყარდა.

„ჩვენ ყველას წაგვართვეს კონსტიტუციური უფლება. ვინ გვართმევდა კონსტიტუციურ უფლებას შეკრების, მსვლელობის, გადაადგილების, სიტყვის თავისუფლების, აზრის გამოხატვის, აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. იმ ადამიანს ფორმა ეცვა თუ არა, აზრი არ აქვს, რადგან მასზე და მის ფორმაზე გაცილებით მაღლა დგას კონსტიტუცია, რომელიც ჩვენ გვანიჭებს უფლებებს. კონსტიტუციურ უფლებებს გვართმევს ადამიანი, რომელსაც საქართველოს მოქალაქე კიდია ფეხებზე, რომელიც ყველაფერს ამას, რასაც ჩვენ სამშობლოს ვეძახით, უყურებს როგორც ბიზნესპროექტს”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისივე თქმით, დათო კირკიტაძე კონსტიტუციური უფლებების დაცვის გამო დააკავეს.

„ბიძინა ივანიშვილს და ამ კრიმინალურ დაჯგუფებას პასუხის გაცემა მოუწევს საქართველოს მოქალაქისთვის, რატომ გაძვირდა ე.წ. ქართული და სინამდვილეში „ქურდული ოცნების“ პირობებში სურსათზე 20%-ით, კომუნალური გადასახადები 18%-ით, მედიკამენტებზე 60%-ით, ჯანდაცვაზე 37%-ით, ამაზე პასუხი აქვთ? დილას რომ საქართველოს მოქალაქე იღვიძებს, ჯერ მაცივარს აღებს და საფულეში იხედება, ამაზე პასუხი აქვთ? პოლიცია რომ დამსჯელ რაზმად არის გადაქცეული და ჩაცუცქულ კრიმინალებთან ერთად ატარებს არჩევნებს, ამაზე პასუხი აქვს? ამაზე პასუხი აქვს, რომ ფარცხალაძე გარეთ არის, რომელმაც თანამდებობის პირი სცემა და გირაოთი გამოუშვეს სასამართლოდან. ლაშა თორდია გადახვეწილი იყო შიშით, რომ კიდევ რამე არ ექნათ მისთვის. დათო კირკიტაძე კი, რომელიც თანამებრძოლებთან ერთად კონსტიტუციურ უფლებებს იცავდა, დატოვეს საპატიმროში. ამაზე პასუხი არ აქვთ“ – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება აირჩია რუსული გზა, რადგან სხვა არაფერი იცის.

„ბიძინა ივანიშვილი, გახარია, ქობულია, ყველა ვინც ჩამოგვიყვანეს და დაგვასვეს თავზე, ეს ხალხი არის რუსეთში ჩამოყალიბებული, რუსეთში გამობრძმედილი, რუსეთში ფულგაკეთებული. საქართველოში 2008 წლის ომის შემდეგ მშვენივრად გრძნობდნენ თავს რუსეთის ფედერაციაში და აქაც რუსეთის ფედერაცია უნდათ. თქვენ გგონიათ რამეა განსხვავებული? ეს ველოსიპედი პუტინს მოგონებული აქვს 2000 წლიდან. 2000 წლიდან ყველა ეს მეთოდი არის აპრობირებული. არაფერი ახალი ჩვენ აქ არ გვინახავს. საქართველოში ჩვენ ამის მოთმენას არ ვაპირებთ. ამათ გონიათ რომ პროვოკაციაზე წამოგვაგებენ. კანონები, კონსტიტუცია ვიცით თქვენზე კარგად, თქვენზე კარგი იურისტები არიან ჩვენთან, ის ხალხიც კი ჩვენთან არის, ის იურისტები, რომელიც 2012 წელს თქვენთან ერთად მოვიდნენ ხელისუფლებაში და ეგონათ, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემით საქართველო წინ წავიდოდა. წინ წავედით კი არა, დავბრუნდით საბჭოთა კავშირში და დილა მშვიდობისა საქართველოს მოქალაქე, შენ დაბრუნდი საბჭოთა კავშირში, აწი ახლა გაიღვიძე დილას და მაგათთან ერთად იმღერე “ჩემი საქართველო აქ არის “. ჩვენი საქართველო აქ არ არის, რადგან ამ საქართველოდან ხალხი გარბის, ყოველდღე ვღებულობთ ათამდე, ოცამდე თხოვნას, რომ დავუდასტუროთ ოპოზიციის წევრობა, ხალხი მირბის და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს საზღვარგარეთ. ნუ შევხედავთ ჩვენს ბრძოლას, როგორც სირბილს მოკლე დისტანციაზე, ეს არის ასე თუ ისე საშუალო ან გრძელვადიანი ბრძოლა. დისტანცია დასრულდება მალე და დასრულდება იმით, რომ ცუდი სიზმარივით გაგვახსენდება „ქურდული ოცნების“ მმართველობა საქართველოში. ესენი 2020 წლამდე კი არა, 2019 წლის ბოლომდე ვერ მიაღწევენ“, – განაცხადა ვაშაძემ.