გრიგოლ ვაშაძე - ხელისუფლებას არ უფიქრია იმ ადამიანების შემოსავლის საშუალებების შენარჩუნებაზე, რომლებიც ქუთაისში ცხოვრობენ
გრიგოლ ვაშაძე - ხელისუფლებას არ უფიქრია იმ ადამიანების შემოსავლის საშუალებების შენარჩუნებაზე, რომლებიც ქუთაისში ცხოვრობენ

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ქუთაისში და მთლიანად იმერეთის რეგიონში ეკონომიკური თვალსაზრისით კატასტროფული მდგომარეობაა.

მისი თქმით, ქუთაისს შემორჩენილი ჰქონდა ეკონომიკური აქტიურობის მხოლოდ ერთი სფერო – ტურიზმი, თუმცა ეპიდემიის გამო დაწყებული ობიექტური მიზეზების გამო, საქართველოში ეს სფერო მთლიანად განადგურებულია.

„ხელისუფლებას ერთი წუთი არ უფიქრია იმაზე, რომ იმ ადამიანების კეთილდღეობა და შემოსავლის სასიცოცხლო საშუალება შეენარჩუნებინა, რომლებიც ამ ქალაქში ცხოვრობებ. 3 500 სასტუმრო საოჯახო სტილის სასტუმრო და ჰოსტელი არის ამ ქალაქში საგადასახადო სამსახურის მონაცემებით. აქედან რაც არის გახსნილი, ისინიც 30%-იანი დატვირთვითაც ვერ მუშაობენ. ქალაქმა დაკარგა 90 მილიონი, ეს ყველაზე მინიმალური გათვლა არის დამოუკიდებელი ექსპერტების 90 მილიონი ლარის სუფთა მოგება.

იმისათვის, რომ ჩვენ ქუთაისს მივეხმაროთ, სასწრაფოდ არის გასაკეთებელი რამდენიმე რამ: საჭიროა, შეიქმნას თავისუფალი ტურისტული ზონა და ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებაშია, გადაეცეს ქუთაისში მცხოვრებ ინვესტორებს, რათა ეს ინფრასტრუქტურა განვითარდეს, აშენდეს და სამსახურში ჩადგეს მაშინ, როდესაც ქვეყანა გაიხსნება. ობიექტები, რომლებიც ახლა მოქმედებენ სიმწრით, ინარჩუნებენ მუშახელს და ცდილობენ, არ დაიკარგოს სამუშაო ადგილები, უნდა გათავისუფლდეს ყოველნაირი გადასახადისგან 2021 წლამდე. ობიექტურ დამკვირვებელს გაუჩნდება კითხვა, რატომ აღმოვჩნდით ამ დღეში. ეპიდემიასთან გამკლავება არის კარგი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეკონომიკური კოლაფსი არის ქვეყანაში, რას აკეთებს ხელისუფლება? – არაფერს. ამის სამი მიზეზია ის, რომ ეს ხელისუფლება არის ოლიგარქიულ რეჟიმზე ჩამოკიდებული, ამას არ აინტერესებს მოქალაქის ბედი. ნეპოტიზმი და კორუფცია კლავს ყოველგვარ ინიციატივას სახელმწიფო სამსახურში და ხელბორკილებს ადებს ბიზნესს. მთელი ეკონომიკა არის გადართული იმაზე, რომ მუშაობს რუსეთის ფედერაციაში დახვეწილი„შავი“ სქემებითა და იმპორტზე მონოპოლიით.

ქუთაისის მძიმე მდგომარეობა აისახება იმერეთზე და შესაბამისად, სრულიად საქართველოზე. არსად არ არის სიტუაცია უკეთესად. არჩევნებზე ამ ხელისუფლების ცვლილებისა და სასწრაფო ეკონომიკური რეფორმების გარეშე ჩვენ ვერაფერი ვერ გადაგვარჩენს“, – განაცხადა ვაშაძემ.