გრიგოლ ვაშაძე - ხელისუფლებამ უნდა გაითავისოს, რომ ელაპარაკება არა ოპოზიციურ პარტიებს, არამედ საქართველოს მოქალაქეებს
გრიგოლ ვაშაძე - ხელისუფლებამ უნდა გაითავისოს, რომ ელაპარაკება არა ოპოზიციურ პარტიებს, არამედ საქართველოს მოქალაქეებს

დიალოგი შესანიშნავია, მაგრამ თუ იქნება მხოლოდ დიალოგისთვის, ეს ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომელიც ოპოზიცური პარტიების შეხვედრაში მონაწილეობდა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებამ უნდა გაითავისოს, რომ არა ოპოზიციურ პარტიებს, არამედ  მოქალაქეებს ესაუბრება.

„არაფერი ყოფილა, გარდა იდეისა. არც მოდალობები ვიცით, არც ფორმატი, არაფერი ვიცით. მეორე ის, რომ ამ ოთახში მყოფს არც ერთს არ აქვს არც თავისი პარტიის მანდატი და არც ოპოზიციური ფრონტის მანდატი. მესამე ის, რომ დიალოგი შესანიშნავია, მაგრამ „დიალოგი“ თუ იქნება დიალოგისთვის, ეს ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია, რადგან ხელისუფლებამ ერთი რამ უნდა გაითავისოს, ელაპარაკება არა ოპოზიციურ პარტიებს, არამედ საქართველოს მოქალაქეებს. ეს არ არის მარტო ჩვენი მოთხოვნა, არამედ მთლიანად საზოგადოების მოთხოვნაა: გამჭვირვალე, პატიოსანი, თანასწორი არჩევნები და ამას ხაზი მინდა გავუსვა, ოდირი-ს მოთხოვნები, 27-ვე რეკომენდაცია, რომელიც უპირობოდ უნდა შესრულდეს. ეს ხელისუფლების კეთილი ნება კი არ არის, როგორც ზოგიერთს ჰგონია ხელისუფლებიდან, არამედ საქართველოს საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულება“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისი პირადი აზრია, რომ ოპოზიცია დიალოგს უნდა დათანხმდეს.

„მე ჯერ არც პარტიისგან, არც არავისგან მანდატი არ მაქვს, ჩემს პირად აზრს მოგახსენებთ, რომ დიალოგს აუცილებლად უნდა დავთანხმდეთ, მით უმეტეს, რომ ეს ინიცირებული არის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის, ევროპის კავშირის მიერ და დანარჩენს უკვე ადგილზე ვნახავთ, მაგრამ რჩევა მინდა მივცე, ჩემი პროფესია იცით, არავინ არასოდეს შედის მოლაპარაკებებში თუ მისი წარმატება უნდა, ხისტი, მიუღებელი პოზიციების დაფიქსირებით“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ.

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ანგარიში გაუწია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და ხვალ, დღის პირველ ნახევარში შედგება შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის, რომელსაც დიპლომატებიც დაესწრებიან.