გრიგოლ ვაშაძე - ხელისუფლება თავის დანაშაულს უდანაშაულო ადამიანებს აბრალებს
გრიგოლ ვაშაძე - ხელისუფლება თავის დანაშაულს უდანაშაულო ადამიანებს აბრალებს

ხელისუფლება თავის დანაშაულისთვის უდანაშაულო ადამიანებს აკავებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომელიც ბათუმში მხარდამჭერების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

ვაშაძის შეფასებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე სამართლებრივ და პოლიტიკურ ჭრილში საუბარი შეუძლებელია.

„ივანიშვილის რეჟიმმა საკუთარი დანაშაულების რეკორდი დაამყარა და ხელისუფლება იმით არის დაკავებული, რომ თავისივე წევრს ბინძური მეთოდით ებრძვიან, აქვეყნებენ ფარულ ჩანაწერებს და ვირუსივით ავრცელებენ. თავიანთ დანაშაულს კი, უდანაშაულო ადამიანებს აბრალებენ და აკავებენ“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, მალე ყველა დამნაშავის სახელი გახდება ცნობილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე 16 პირი დააკავეს.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, დავით გეგიაძემ განაცხადა, რომ  ფარულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით სავარაუდოდ, მათი ორი აქტივისტია დაკავებული.