გრიგოლ ვაშაძე - ხანდახან პარტიული და პირადი ინტერესები უნდა გადასწიო, რომ გაერთიანება შენარჩუნდეს და უფრო მძლავრი გახდეს
გამარჯვება აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ, რადგან ეს არც ჩვენ პირად კეთილდღეობას ეხება, არც კაბინეტებს, არც პატივმოყვარეობას, ეს ყველაფერი ჩამოვიდა ჩვენი ოჯახების დონეზე, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ პოლიტიკური გაერთიანება „ახალი საქართველოს“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„განადგურდება ეს ქვეყანა? დავკარგავთ სახელმწიფოებრიობას, მოგვიწევს ყველას ემიგრაციაში წასვლა? თუ დავრჩებით აქ და მივაღწევთ იმ მიზანს, რაც მრავალი თაობის ოცნება იყო, რომ ვიცხოვროთ ევროპულ, დემოკრატიულ, თავისუფალ სახელმწიფოში. დღეს ასე დგას ეს საკითხი და ამის მთავარი გარანტია არის გაერთიანებული ოპოზიცია, რომელიც მიუხედავად ბევრი ჩვენი მოწინააღმდეგის სურვილისა, არამარტო არ დაიშალა, არამარტო შიდა განხეთქილებებს არ გადაყვა, არამედ გადადის სტრუქტურირების, ორგანიზაციული გაერთიანების სრულიად ახალ ეტაპზე.
კარგია, რომ ამ გაერთიანებაში ჩვენ ვსწავლობთ ერთმანეთთან საუბარს, კომპრომისზე წასვლას, ვსწავლობთ იმას, რომ ხანდახან, პარტიული და პირადი ინტერესები უნდა გადასწიო იმისთვის, რომ გაერთიანება შენარჩუნდეს და უფრო მძლავრი გახდეს“,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.