გრიგოლ ვაშაძე - გავრილოვის ღამე უვერტიურა იყო, მესამე აქტი წინ არის
გრიგოლ ვაშაძე - გავრილოვის ღამე უვერტიურა იყო, მესამე აქტი წინ არის

გავრილოვის ღამე უვერტიურა იყო, მესამე აქტი წინ არის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რომ არჩევნები არ შედგეს.

„საქართველოში პარლამენტარიზმი დამთავრდა, დემოკრატია მოიპარეს, სახელმწიფო მოიპარეს და არავითარ შემთხვევაში არ უნდათ ხელისუფლების დათმობა. ერთი კვირა ატარებდნენ კვლევებს და მშვენივრად იციან, რომ კატასტროფული მარცხი ელოდათ არჩევნებში. აქედან გამომდინარე, ყველაფერს აკეთებენ, რომ არჩევნები არ შედგეს. არის საქართველოში ადამიანი, რომელსაც  გუშინდელი უნიჭოდ დადგმული სპექტაკლის სჯერა? ხუნდაძემ ჩააგდო ეს გადაწყვეტილებაო, იგივეა რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილს თავისი ჰალსტუხები და ფეხსაცმელები აუჯანყდნენო.

სასაცილოა, რა განმარტებებიც მოვისმინეთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაშალა ამის მიღებაო. თქვენ ნორმალურები ხართ? რომ იკრიბებით და ამ მესიჯბოქსებს ალაგებთ, ისე მაინც დაალაგეთ, რომ ხალხი სიცილით არ მოკვდეს, მაგრამ ხალხი რომ სიცილს იწყებს თქვენზე, მაგის გეშინოდეთ, კინწისკვრით გაგყრიან. გავრილოვის ღამე უვერტიურა იყო, მესამე აქტი წინ არის“,- განაცხადა ვაშაძემ.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის საკონსტიტუციო ცვლილებებმა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.  საკითხზე თავისუფალი კენჭისყრა ჩატარდა. საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ პროექტს კი, 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი წინააღმდეგი იყო.

დატოვე კომენტარი