გრიგოლ ვაშაძე ეუთო-ს ODIHR-ის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
გრიგოლ ვაშაძე ეუთო-ს ODIHR-ის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მისიის ხელმძღვანელს, გეერტ ჰაინრიხ არენს შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყანაში საარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, საუბარი იყო იმ დარღვევებზე, რომლებიც საარჩევნო გარემოს თვალსაზრისით ბოლო პერიოდში გამოიკვეთა. მისი თქმით, ასეთია მარეგულირებელი კომისიის რეკომენდაცია, რომ ტელეკომპანიებმა ​ოპოზიციური გაერთიანებების ზოგიერთი პოლიტიკური რეკლამა ეთერიდან ამოიღონ.

„დელეგაციის წევრებმა ეს ფაქტები შესანიშნავად იცოდნენ, შესწავლილი აქვთ ყველაფერი. ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც ჩვენ მივიღეთ, არის, რომ ყველა დარღვევა, რომელიც მოხდება, ყველა დარღვევა, რომელზეც ჩვენ ეჭვი გვაქვს, აუცილებლად იყოს დადასტურებული ფაქტი და საჩივარი. ამას აუცილებლად გავაკეთებ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტისა და ადამიანის უფლებების ოფისის წარმომადგენლები სხვადასხვა პარტიასთან შეხვედრებს განაგრძობენ.