გრიგოლ ვაშაძე - ეს ის პოლიციაა, ჩვენ რომ გავაკეთეთ? ეს არის შევარდნაძის პოლიცია, შესაბამისი სიფათები აქვთ
გრიგოლ ვაშაძე - ეს ის პოლიციაა, ჩვენ რომ გავაკეთეთ? ეს არის შევარდნაძის პოლიცია, შესაბამისი სიფათები აქვთ

ჯერ სახელმწიფო წაგვართვეს, არჩევნები წაგვართვეს, ახლა გადაადგილების თავისუფლებას გვართმევენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

„ეს ის პოლიციაა, ჩვენ რომ გავაკეთეთ? ეს არის შევარდნაძის პოლიცია, შესაბამისი სიფათები აქვთ და შესაბამისი უფროსები ჰყავთ. რომ ჰკითხო, რატომ არ გვიშვებენ თელავში, ვერ გიპასუხებენ. უსაფრთხოებაო, ვისი უსაფრთხოება? სალომე ზურაბიშვილის? ვის რათ უნდა სალომე ზურაბიშვილი, ან დაცვა რათ უნდა, გამოვიდეს ქუჩაში წყნარად ივლის საქართველოა, რა პრობლემაა. სამწუხაროდ სამარცხვინო დროში ვცხოვრობთ. წინ გადაკეტილი გვაქვს, უკან გადაკეტილი გვაქვს, არ ვიცი რას ვაპირებთ, ვიჭიდავებთ ცოტას და მერე არ ვიცი”, – განაცხადა ვაშაძემ.

გურჯაანში, სოფელ ველისციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მხარდამჭერები არიან შეკრებილი. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სამართალდამცველები მათ თელავის მიმართულებით გზის გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ.

სამართალდამცველებს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, თელავის მიმართულებით გზა გადაკეტილი აქვთ და აქციის მონაწილეებს თელავში ჩასვლა ყვარლის გავლით შესთავაზეს, რაზეც მათგან უარი მიიღეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ პოლიციის კორდონის გარღვევა ავტომობილებით სცადეს. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სამართალდამცველების ავტობუსს ქვები დაუშინეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ კახეთის მიმართულებით და ქალაქ თელავში საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდებოდა.