გრიგოლ ვაშაძე - სალომე ზურაბიშვილს, რომელ კომპოზიციაშიც ინებებს, შევხვდები, ოღონდ ქართულ გრამატიკაში წაიმეცადინოს
ერთი თხოვნა მაქვს, სალომე ზურაბიშვილმა ქართულ გრამატიკაში წაიმეცადინოს, სანამ შევხვდებით, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მისთვის სალომე ზურაბიშვილის დებატების შეთავაზება ისეთივე გამოწვევაა, როგორიც რუსთაველზე გასეირნება.
„ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის დებატების შეთავაზება ჩემთვის ისეთივე გამოწვევაა, როგორიც რუსთაველზე გასეირნება. ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც არც დამოუკიდებელია, არც დიპლომატია, არც პოლიტიკოსია და არც ქართველი არ არის, რომელ ეროვნულ არხზეც ინებებს, როცა ინებებს, რა კომპოზიციაშიც ინებებს, შევხვდები, ოღონდ ერთი თხოვნა მაქვს, რომ ცოტა ქართულ გრამატიკაში წაიმეცადინოს, სანამ შევხვდებით“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „შავი ძალის“ ორივე სახეს იწვევს დებატებში და მათთან დებატებში მონაწილეობას მიიღებს ნეიტრალურ სივრცეში. სალომე ზურაბიშვილს არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა „შავი ძალის“ ორ სახეში.
პრეზიდენტობის კანდიდატების გამოხმაურების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა, რომ დასახელებაც არ დასჭირდა, ვინ იგულისხმა „შავი ძალის“ ორ სახეში, ისე ამოიცნეს მათ თავიანთი თავი.
„დასახელება არ დამჭირდა, ვინ იყო „შავი ძალის“ ორი სახე, რადგან ჩემი განცხადებიდან თხუთმეტი წუთიც არ გასულა, მათ თავიანთი თავი ამოიცნეს, გამოვიდნენ და თავად დააკონკრეტეს, გამოწვევას ვიღებთ და დებატებში მონაწილეობას ვიღებთო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.