გრიგოლ ვაშაძე - ე.წ. დეპუტატები, აქტივისტები, მერი ისე გადმოცვივდებიან მიწაზე, მათი ბუნდღა არ დარჩება ქართულ პოლიტიკაში
არჩევნები მოვა და წავა, მაგრამ აი, ეს სიყვარული, რომელიც ამ ქალაქმა მაჩუქა, ჩემთან დარჩება სამუდამოდ და 2017 წლიდან ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი მონაპოვარი, რომ ეს ქალაქი შევიძინე და ამ ქალაქმა მიშვილა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ სიღატაკეს, დემოგრაფიულ „კატასტროფას“, მასობრივ ემიგრაციას ებრძვის და არა „ქართულ ოცნებას“. ამასთან, შეხვედრისას ვაშაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, 31 ოქტომბერს სწორი არჩევანი გააკეთონ.
„მოგესალმებით ძვირფასებო. ვენაცვალე ჩემს ქუთაისს. ვენაცვალე იმ მუხტს, რაც ამ ქალაქში არის, იმ ისტორიისა და პატიოსნების, ღირებულებების შეგრძნებას, რომელსაც ყველა ქუთაისელი ატარებს გულში და ღიად გამოხატავს. არჩევნები მოვა და წავა, მაგრამ აი, ეს სიყვარული, რომელიც ამ ქალაქმა მაჩუქა, ჩემთან დარჩება სამუდამოდ და 2017 წლიდან ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი მონაპოვარი, რომ ეს ქალაქი შევიძინე და ამ ქალაქმა მიშვილა. ჩვენ გვებრძვის „ქართული ოცნება“. ვიდრე აქ მოვიდოდი, ახალ ამბებს ვუყურებდი, გვაბრალებენ ვირუსის გავრცელებას, სანიტარიული წესების არდაცვას, გვაბრალებენ იმას, რომ რადიკალური ოპოზიცია ვართ. კიდევ ერთ სისულელეს ამბობენ, ოპოზიცია ხელისუფლებისთვის იბრძვისო, აბა, რისთვის უნდა იბრძოდეს ოპოზიცია? მაგრამ ჩვენ არ ვებრძვით „ქართულ ოცნებას“, ჩვენ ვებრძვით იმ სიღატაკეს, რომლის სათავე „ქართული ოცნებაა“. ჩვენ არ ვებრძვით „ქართულ ოცნებას“, ჩვენ ვებრძვით იმ დემოგრაფიულ კატასტროფას, რომლის სათავეც „ქართული ოცნებაა“. ჩვენ არ ვებრძვით „ქართულ ოცნებას“, ჩვენ ვებრძვით იმ მასობრივ ემიგრაციას, რომელმაც ქალაქი დაცალა და რომლის სათავეც არის „ქართული ოცნება“.
ჩვენ არ ვებრძვით ოლიგარქის მიერ შექმნილ პარტიულ სტრუქტურას, რადგან ვიცით, ისე გაქრება, აი, როგორც ეს ფოთლები ჩამოცვივდებიან ხიდან, ისე ჩამოცვივდებიან ეს ე.წ. დეპუტატები, აქტივისტები, მერი და ა.შ. ისე გადმოცვივდებიან მიწაზე და მაგათი ბუნდღა არ დარჩება ქართულ პოლიტიკაში. ჩვენ ვებრძვით იმ უსინდისობას, უნამუსობას და რვაწლიან ტყუილს, რომლითაც საქრთველოს მოქალაქე მათ მიიყვანეს სრულ განადგურებამდე. წაართვეს იმედი, წაართვეს პერსპექტივა და გაწირეს ისეთი ცხოვრებისთვის, რომელიც ჩვენ 2012 წელს არც წარმოგვედგინა, გულზე ხელი დავიდოთ.
აქ, ამ პარკში, ახლა ამ წუთში არის, ვინც 2012 წელს 41 შემოხაზა. იმ იმედით შემოხაზა, რომ ყველაფერი კარგი შენარჩუნდებოდა და ის, რაც თქვენ არ მოგწონდათ, რაც საქართველოს მოქალაქეს არ მოსწონდა, ჩავარდებოდა წარსულს. რა მივიღეთ შედეგად? შედეგად მივიღეთ გაბღენძილი ჩინოვნიკები, მათი ახლობლები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტში არიან თხუნელებივით ჩამძვრალი. მთელი ფული მათ უძირო ჯიბეებში ილექება, ახალგაზრდები, რომლებიც დაქორწინებას ვერ ახერხებენ, რადგან უბრალოდ სახსრები არ აქვთ ოჯახის შესაქმნელად, დედები, რომლებმაც შვილები დატოვეს და ემიგრაციაში წავიდნენ. კარგი ქართული სიტყვა არის- გვეყოფა. გვეყოფა, ვცეთ ჩვენს თავს პატივი. ვცეთ პატივი, აი, ამ ქალაქს, რომელმაც 1918 წელს დანარჩენ საქართველოს სისხლი გადაუსხა და ძალიან ბევრი ქალაქი თავიდან გააქართველა. გვეყოფა. პატივი ვცეთ ჩვენს წარსულს, ჩვენს აწმყოს და მომავალს, რადგან ეს ქუთაისია, ძამია.
31 ოქტომბერს, გემუდარებით, როგორც 2018 წელს გავაკეთეთ, ყველას ნათესავი ყველას ნათელმირონი, ყველას კლასელი, ყველას კეთილმოსურნე, ყველას მეზობელი, ყველას მოვკიდოთ ხელი და თუ საჭირო იქნება, ხვეწნა-მუდარით მოვიყვანოთ საარჩევნო უბანზე და ვუთხრათ, რაც გონება და სინდისი გკარნახობს, ის გააკეთე, ის შემოხაზე, ოღონდ, როგორც ქუთაისელი, გეხვეწებით, უთხარით, ნუ აჩუქებთ შენს ხმას ასე იაფად ოლიგარქს და მის დამქაშებს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.