გრიგოლ ვაშაძე ჟურნალისტებს მიმართავს - სააკაშვილის ნომერს მოგცემთ, დაურეკეთ და აქციაზე კითხეთ
გრიგოლ ვაშაძე ჟურნალისტებს მიმართავს - სააკაშვილის ნომერს მოგცემთ, დაურეკეთ და აქციაზე კითხეთ

​სააკაშვილის ნომერს მოგცემთ, დაურეკეთ და აქციაზე კითხეთ, – განუცხადა ჟურნალისტებს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა გრიგოლ ვაშაძემ. ჟურნალისტებმა მას კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე 16 დეკემბრის აქციის ფორმასთან დაკავშირებით და ასევე, განიხილება თუ არა 5-10 კაციანი ჯგუფების შექმნა.

„საქმე ის არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა დანარჩენი პარტიები, რომელთაც არ აქვთ შეხება სახელმწიფო ბიუჯეტთან და ბიძინა ივანიშვილივით სიგარეტიდან არ კრეფენ „ქართული ოცნების“ დასაფინანსებელ ფულს, მთლიანად მოწყვეტილები ვართ ფინანსებს და გვაქვს მხოლოდ იდეოლოგია და ღირებულებები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავცდეთ ეტაპს, როდესაც ჩვენი პარტიები იქცეოდნენ, როგორც კლასიკური ხელისუფლების პარტიები, ყველა იჯდა რაიკომებივით შტაბებში, ედგათ მაგიდაზე „ბორჯომი“ და ცდილობდნენ, ასე ემართათ პარტიები. უნდა გადავიდეთ იმ ადმინისტრაციულ და ორგანიზაციულ მოწყობაზე, რომელზეც არიან გადასული ევროპული ოპოზიციური პარტიები. ეს ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილს მხედველობაში და მე ამას მთლიანად ვუჭერ მხარს, რადგან ძველებურად მუშაობა უკვე აღარ შეიძლება. მით უმეტეს, როცა საქმე გაქვს კრიმინალთან შეზრდილ კორუმპირებულ ბიუროკრატიასთან, რომელმაც ქართველ ერს, საქართველოს მოქალაქეს მოპარა სახელმწიფო.

რაც შეეხება ამ ხუთეულებს, ეს შეიძლება იყოს ხუთეულები, შეიძლება იყოს ათეულები, შეიძლება იყოს ოცდაათეულები, მაგრამ ისე მოქცევა, გეგონება საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია ხარ და რაიკომში ზიხარ, უკვე აღარ შეიძლება“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გაერთიანებული ოპოზიცია 16 დეკემბერს თელავში მშვიდობიან აქციას გეგმავს.