გრიგოლ ვაშაძე - მივაღწევთ ყველაფერს ან არაფერს
გრიგოლ ვაშაძე - მივაღწევთ ყველაფერს ან არაფერს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანებული ოპოზიციისთვის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ყველაფერი მნიშვნელოვანია შემდეგი თანმიმდევრობით: პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, პროპორციულ არჩევნებთან მაქსიმალურად დაახლოება, ვენეციის კომისიისა და კონსტიტუციური სასამართლოს რეკომენდაციების გათვალისწინება, პროცესებში საერთაშორისო მოკავშირეების უწყვეტი ჩართულობა.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და გაერთიანებულ ოპოზიციას რაც შეეხება, ჩვენთვის ამ თანმიმდევრობით არის ყველაფერი მნიშვნელოვანი: პოლიტიკური პატიმრები, ამის შემდეგ მაქსიმალურად დაახლოება პროპორციულ არჩევნებთან, შემდეგ ვენეციის კომისიის და კონსტიტუციური სასამართლოს რეკომენდაციების გათვალისწინება იმისათვის, რომ ოლქები იყოს თანასწორადი, თანაბარი ამომრჩევლების რაოდენობით და ამის შემდეგ ის, რომ ჩვენი საერთაშორისო მოკავშირეების ჩართულობა არ შეწყდეს. რაც შეეხება ეუთო-ს და ოდირის რეკომენდაციებს, ყველაფერი პირწმინდად შეასრულოს ხელისუფლებამ. თუ გახსოვთ, მეორე თუ მესამე რაუნდი იყო, მე თქვენ გითხარით, რომ სწორი მიმართულებით დაიძრა ხელისუფლება და იმედი მაქვს, ეს მოძრაობა გაგრძელდება, მითუმეტეს, რომ კომენტარები ძალიან შერბილებული არის, უფრო საღ გონებასთან ახლოსაა“ ,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კითხვაზე, პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით რამდენად გაქვთ შეთანხმების მოლოდინი, ვაშაძემ უპასუხა, რომ მიაღწევენ ყველაფერს ან ვერაფერს.

„მივაღწევთ, ყველაფერს მივაღწევთ ან ვერაფერს მივაღწევთ. თუ ყველაფერი შეთანხმებული არ არის, არის მარტივი წესი დიპლომატიის და ეს შიდა დიპლომატიაა, თუ ყველაფერი შეთანხმებული არ არის, არაფერია შეთანხმებული“ ,- აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში დიპლომატების მონაწილეობით მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი, შედგება თუ არა საბოლოოდ შეთანხმება საარჩევნო მოდელზე, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.