გრიგოლ ვაშაძე - დავით კირკიტაძე არ არის ფარცხალაძე და ბუნებრივია, უნდა დაიჭირონ
გრიგოლ ვაშაძე - დავით კირკიტაძე არ არის ფარცხალაძე და ბუნებრივია, უნდა დაიჭირონ

დავით კირკიტაძე არ არის ფარცხალაძე, ბიძინა ივანიშვილის უახლოესი წრის წევრი და ბუნებრივია, უნდა დაიჭირონ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ დავით კირკიტაძის დაკავების საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

„კირკიტაძე არ ის ზონდერი, რომელიც დაგვახვედრეს გურჯაანთან, რომელმაც თითქმის სასიკვდილოდ სცემა ჩვენი მხარდამჭერები ჩაქუჩებით. დავით კირკიტაძე არ არის ადამიანი, ვინც სხვებთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტს ხერხავს და შესაბამისად, არ აქვს იმუნიტეტი. დავით კირკიტაძე უნდა დააკავონ, როცა კანონიერი პროტესტი ჰქონდა იმაზე, რომ დაგვახვედრეს განუსაზღვრელი რაოდენობით პოლიცია და არ მოგვცეს მშვიდობიანი გამოხატვის უფლება”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სამართალდამცველებმა დავით კირკიტაძე დღეს კახეთში დააკავეს. როგორც შსს-ში განმარტეს, დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის არის დაკავებული.

„გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა, 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი დავით კირკიტაძე”, – აცხადებენ შსს-ში.