გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე სალომე ზურაბიშვილთან დებატებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ
გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე სალომე ზურაბიშვილთან დებატებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ

გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე სალომე ზურაბიშვილთან დებატებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

როგორც „ევროპული საქართველოს” წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, მათი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილთან დებატებისთვის მზად არის. ბოკერიას თქმით, რაც უფრო მეტი ადამიანი ნახავს დათო ბაქრაძეს და სალომე ზურაბიშვილს შორის დებატებს, მით უფრო მეტი ადამიანი მივა არჩევნებზე.

„რა თქმა უნდა, ვიღებთ ამ დებატებში მონაწილეობას. რაც უფრო მეტი ადამიანი ნახავს დათო ბაქრაძეს და სალომე ზურაბიშვილს შორის დებატებს, მით უფრო მეტი ადამიანი მოვა არჩევნებზე, რომ ზურაბიშვილმა ადმინისტრაციული რესურსით არ მოიგოს ეს არჩევნები და მით უფრო მეტი ადამიანი მისცემს ხმას, რომ ის გახდეს საქართველოს მომავალი პრეზიდენტი,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

როგორც გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი 2“-ს განუცხადა, ის ნებისმიერ არხზე დებატებისთვის მზად არის.

„რაც შეეხება, გაერთიანებულ ოპოზიციას, არ არის ნაციონალური ტელევიზია, არ არის ეროვნული არხი, სადაც ჩვენ თანახმა არ ვიქნებით, რომ მივიდეთ იქ. იმიტომ, რომ უნდა დაველაპარაკოთ ადამიანს, რომელიც არ არის პოლიტიკოსი, არ არის დიპლომატი, არ არის დამოუკიდებელი კანდიდატი, არ არის კანდიდატი და არ წარმოადგენს არავის საქართველოში. ამიტომ დიდი სიამოვნებით, სადაც იტყვიან, როდესაც იტყვიან, რასაც იტყვიან, სიამოვნებით შევხვდებით ყველა საქართველოს ეროვნულ ტელეარხს და აბა ვნახოთ, თუ ეყოფა ე.წ. “ქართული ოცნების” ხელდასმულ ე.წ. კანდიდატს გამბედაობა, მოვიდეს ყველა ეროვნულ არხზე,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „შავი ძალის“ ორივე სახეს იწვევს დებატებში და მათთან დებატებში მონაწილეობას მიიღებს ნეიტრალურ სივრცეში. სალომე ზურაბიშვილს არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა „შავი ძალის“ ორ სახეში.

პრეზიდენტობის კანდიდატების გამოხმაურების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა, რომ დასახელებაც არ დასჭირდა, ვინ იგულისხმა „შავი ძალის“ ორ სახეში, ისე ამოიცნეს მათ თავიანთი თავი.

„დასახელება არ დამჭირდა, ვინ იყო „შავი ძალის“ ორი სახე, რადგან ჩემი განცხადებიდან თხუთმეტი წუთიც არ გასულა, მათ თავიანთი თავი ამოიცნეს, გამოვიდნენ და თავად დააკონკრეტეს, გამოწვევას ვიღებთ და დებატებში მონაწილეობას ვიღებთო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.