გრიგოლ ვაშაძე - ჩვენს მოკავშირეებს ყველაზე მეტად ანერვიულებთ 2021 წელი, რომელიც ყველა თვალსაზრისით უკიდურესად სახიფათო იქნება საქართველოსთვის, ამიტომ აინტერესებთ, არის თუ არა სივრცე შეთანხმებისთვის
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში პარტიების წარმომადგენლებთან კონსულტაციები მიმდინარეობს, რადგან ფასილიტატორ ელჩებს აინტერესებთ, დარჩა თუ არა სივრცე შეთანხმების მისაღწევად და რამე სახის კომპრომისის მოსაძებნად.
ვაშაძის თქმით, ოპოზიციის ყველა მოთხოვნა ძალაშია.
„ეს მოლაპარაკებები არ არის, კონსულტაციებია. ჩვენს ფასილიტატორებს აინტერესებთ, დარჩა თუ არა სივრცე იმისთვის, რომ მიღწეული იყოს რამე შეთანხმება. გესმით, რომ ჩვენს მოკავშირეებს ყველაზე უფრო მეტად ანერვიულებთ 2021 წელი, რომელიც ყველა თვალსაზრისით, ეკონომიკური, პოლიტიკური, საგარეო-პოლიტიკური, კარზე მომდგარი რუსეთით და ეპიდემიით უკიდურესად სახიფათო იქნება საქართველოსთვის, ამიტომ აინტერესებთ, არის თუ არა სივრცე, არის თუ არა მანევრის საშუალება, რომ შევთანხმდეთ და რაღაც კომპრომისი გამოინახოს.
ვერაფერს გეტყვით იმისთანას, რაც საქართველოს მოქალაქეს და თქვენ – პრესის წარმომადგენლებს გაინტერესებთ და გაგიხარდებათ, რადგან ჯერჯერობით ვართ იქ, სადაც ვიყავით. ყველა მოთხოვნა ძალაშია, ოპოზიციის მოთხოვნები იცით და ამის გამეორება საჭირო არ არის. იმედი ვიქონიოთ, რომ აბსოლუტურად ყველა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლება, რომელსაც აკისრია ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, გაიგებს, რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის ფუნქციონირებადი პარლამენტი დღეს, როდესაც საზოგადოების ორი მესამედი არ ცნობს პრეზიდენტს და როდესაც ამდენი გამოწვევა და კრიზისია კარზე მომდგარი.
ზუსტად ამიტომ გადაწყვიტეს ჩვენმა ფასილიტატორები, ჩვენმა შუამავლებმა და მთავარმა სტრატეგიულმა მოკავშირეებმა, ელჩებმა კონსულტაციების ჩატარება, რომ მესამე რაუნდი არ იყოს რაუნდი რაუნდისთვის, რადგან უაზრობაა, როდესაც ყოველი არჩევნების შემდეგ მივრბივართ ჩვენს მოკავშირეებთან, ვეხვეწებით არბიტრაჟს და შემდეგ ვიმეორებთ ერთი და იგივეს მაგიდასთან“, – განაცხადა გიგოლ ვაშაძემ.