გიორგი ვაშაძე - ჩვენი ამოცანა არ არის, დავასაქმოთ ადამიანები, ჩვენი ამოცანაა, პოლიტიკური ზეგავლენებისგან თავისუფალი სამართალდამცავი ორგანოები შევქმნათ
გიორგი ვაშაძე - ჩვენი ამოცანა არ არის, დავასაქმოთ ადამიანები, ჩვენი ამოცანაა, პოლიტიკური ზეგავლენებისგან თავისუფალი სამართალდამცავი ორგანოები შევქმნათ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ პროკურატურისა და სამართალდამცავი ორგანოების რეფორმის ხედვა წარადგინა, რომლის თანახმადაც, შსს და სუს-ი უნდა გაუქმდეს.

„ეს ბოლომდე შეთანხმებული არ არის და აუცილებლად გვჭირდება სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კვალიფიცირებული აზრი. მთავარი, რაც ამ სფეროში არის გასაკეთებელი, ეს არის მაქსიმალურად მიღწევა იმ შედეგის, როცა სამართალდამცავი ორგანოები უპირველეს ყოვლისა იქნებიან ორიენტირებული ადამიანის უფლებების დაცვაზე და მოხდება მათი შესაბამება მოკავშირეების, გინდა ევროსაბჭოში და გინდა ნატო-ში უმაღლესი დემოკრატიის სტანდარტებზე. პირველი ნაბიჯი ამ სფეროში უნდა იყოს პოლიტიკური პოლიციის მოსპობა. არავითარ რეფორმას ეს სტრუქტურა არ ექვემდებარება. ამის ხარჯზე გაძლიერდება, რაც ჩვენს ქვეყანას ესაჭიროება. ეს არის კონტრდაზვერვა და რეპრესიული სისტემა უნდა გადაიქცეს სახელმწიფოსა და ადამიანის დაცვის სისტემად. ეს არის სულისკვეთება“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

პარტია „ახალი საქართველოს“ წარმომადგენლის გიორგი ვაშაძის თქმით, შემოთავაზებული მოდელი საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით მომზადდა.

„ჩვენ ვაუქმებთ სუს-ს, ვაუქმებთ შს სამინისტროს, ის აღარ იარსებებს ქვეყანაში დღევანდელი მდგომარეობით. ჩვენ ვქმნით ანტიკორუფციულ ბიუროს აბსოლუტურად ცალკე. საგამოძიებო ბიუროს ვქმნით და პროკურატურას ვართმევთ საგამოძიებო უფლებამოსილებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ შემოგვაქვს მთავარი პროკურორის, საგამოძიებო ბიუროს და ანტიკორუფციული ხელმძღვანელის შერჩევის სრულიად ახალი მექანიზმი, როცა შვიდი უცხოელი ექსპერტისგან შემდგარი კომისია შეარჩევს სამ კანდიდატურას, რომელსაც წარუდგენს პრეზიდენტს ან პარლამენტს დასამტკიცებლად.

შს სამინისტროს ადგილზე მაგალითად იქნება პატრულის ეროვნული სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ქუჩებში და იმას, რასაც აკეთებს საპატრულო სამსახური საზღვარზე და საგამოძიებო უფლება, რომელიც არის მთავარი პრობლემა, ის რომ ერთი ვერტიკალის ქვეშ არის მოქცეული გამოძიება კრიმინალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და მეორე მხრივ საპატრულო სამსახური, საგამოძიებო ფუნქცია გამოვა ცალკე. ასევე, პროკურატურას ვართმევთ საგამოძიებო უფლებას, რომ აღარ იყოს ის პოლიტიკური წნეხისა და დაინტერესების მთავარი სუბიექტი და ვქმნით საგამოძიებო ბიუროს.

არ ვიცი, ვიღაცამ შეიძლება დაკარგოს სამსახური, ჩვენი ამოცანა არ არის, დავასაქმოთ ადამიანები სამართალდამცველ უწყებებში, ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ ისეთი სამართალდამცავი ორგანოები, რომელიც დაიცავს ადამიანის უფლებებს და თავისუფალი იქნება პოლიტიკური ზეგავლენებისგან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.