გრიგოლ ვაშაძე ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობს
გრიგოლ ვაშაძე ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობს

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი, ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს.

გაერთიანებული ოპოზიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, გრიგოლ ვაშაძე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარს, იოჰანეს ჰანსა და ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს ჯოსეფ დოლს შეხვდა.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებით, საუბრის მთავარი თემა, საქართველოში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებია.

მისივე თქმით, წინასაარჩევნო პროცესში ოპოზიციისთვის შექმნილი პრობლემების შესახებ ევროპარლამენტის დეპუტატები ინფორმირებულნი არიან.

„ჩვენს მოკავშირეებს ესმით ის არათანასწორი პირობები, რომელშიც 11 პოლიტიკური სუბიექტისგან შემდგარი გაერთიანებული ოპოზიცია იმყოფება. სწორედ ამიტომ ითხოვენ ისინი თანაბარ გარემოს ისეთ საკითხებში, როგორიცაა დაფინანსება და მედია საშუალებებზე წვდომა. შეხვედრებზე, რა თქმა უნდა განვიხილეთ ქვეყნის დეოკუპაციისა და რუსული აგრესიის შეკავების საკითხებიც. ჩვენ მიზანია, დაჩქარდეს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია. მოქალაქეების ინტერესები არ უნდა შეეწიროს „ქართული ოცნების“ ანტისახელმწიფოებრივ და ძალადობრივ პოლიტიკას, მით უფრო, რომ 28 ოქტომბრიდან ხელისუფლების ცვლილების პროცესი იწყება”- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის ვიზიტი ბრიუსელში ორი დღის წინ დაიწყო. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გრიგოლ ვაშაძეს სხვადასხვა ფორმატში, რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს დაგეგმილი.