გრიგოლ ვაშაძე - ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა
გრიგოლ ვაშაძე - ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ხელისუფლებას ოთხ ძირითად მოთხოვნას უყენებს. გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებზე დღეს გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ისაუბრა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მათი უპირველესი მოთხოვნა შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომაა.

„რაც დღეს მოხდა, ეს არის მთლიანად ქართული საზოგადოების საქართველოს ყველა მოქალაქის, პატრიოტი, თავისუფლების მოყვარული ახალგაზრდობისა და კონსოლიდირებული ოპოზიციის ბრძოლის შედეგი. მაგრამ საქართველო გადაიქცეს სრულფასოვან დასავლურ სტანდარტებთან შესაბამის დემოკრატიად, რომ გადაიქცეს, ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა. ამისთვის გადასადგმელია რამდენიმე სასწრაფო ნაბიჯი. უპირველეს ყოვლისა, თანამდებობიდან უნდა გადადგეს შს მინისტრი, რომელმაც გაბედა და ხელი აღმართა საქართველოს მოქალაქეებზე, ახალგაზრდებზე. რომელმაც თავისივე პრემიერ-მინისტრის განკარგულება დაარღვია და გაფრთხილების გარეშე, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობა, გამოიყენა სპეცსაშუალებები. თან ისე, რომ ამან საფრთხე შეუქმნა ადამიანების სიცოცხლეს. არჩევნების გამყალბებელი გახარიას პირობებში, ნორმალური, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება შეუძლებელია. ეს არის საზოგადოების მოთხოვა და ამის დასტურია ავტომანქანების კოლონა, რომელიც ახლა შსს-სთან იმყოფება“, – აღნიშნა ვაშაძემ.

მისივე თქმით, მეორე მოთხოვნაა აუცილებლად, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა დაკავებული.

„აუცილებელია დაისაჯოს ყველა ის თანამდებობის პირი, რომელმაც ხელი აღმართა ქართულ საზოგადოებაზე. სასწრაფოდ დასაწყებია პროცესი, რათა ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩასატარებლად საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ იქნას შესაბამისი ცვლილებები. ასეთი პრინციპით დაკომპლექტებული კომისიებით ჩვენ დემოკრატიულ არჩევნებს ვერ ჩავატარებთ, საზოგადოების გახლეჩილობას ვერ აღმოვფხვრით და ვერ დავამთავრებთ იმ პოლარიზებას, რომელიც საქართველოს არ აძლევს საშუალებას, ჩამოყალიბდეს ნორმალურ, დემოკრატიულ, განვითარებულ, სამოქალაქო საზოგადოებაზე დაფუძნებულ სახელმწიფოდ“, – განაცხადა ვაშაძემ.