გრიგოლ ვაშაძე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს უნიჭო რეჟისორის მიერ დადგმულ უნიჭო სპექტაკლს უწოდებს
გრიგოლ ვაშაძე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს უნიჭო რეჟისორის მიერ დადგმულ უნიჭო სპექტაკლს უწოდებს

უნიჭო რეჟისორის მიერ დადგმული უნიჭო სპექტაკლი, – ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ.

როგორც გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუს მსვლელობისას დაადასტურა, რომ მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილის სიტყვებს, რომლის თანახმადაც, 2008 წელს რუსეთთან ომი საქართველომ დაიწყო.

პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ხელს აფარებს ფარცხალაძეს.

„გუშინ კიდევ ერთხელ ვიხილეთ უნიჭო სპექტაკლი, უნიჭო რეჟისორის დადგმული, სადაც „ქურუდული ოცნების“ მამამთავარმა სცადა თავის მართლება იმ პრეტენზიების მიმართ, რომელიც არსებობს საზოგადოებაში. გამოჩნდა, რომ მას მტკიცე და ურყევი კავშირი აქვს კრიმინალ ფარცხალაძესთან. გადაცემის დიდი ნაწილი მიუძღვნა სწორედ ფარცხალაძის დაცვას, შეგვატყობინა, რომ ადამიანი არაფერში არ არის დამნაშავე, მის მიმართ არავითარი გამოძიება არ არის საჭირო და ფარცხალაძე „ქართული ოცნების“ უფრთო ანგელოზია”, – განაცხდა გრიგოლ ვაშაძემ.

ამასთან, გრიგოლ ვაშაძემ მარიხუანას კულტივაციის თემაზე ბიძინა ივანიშვილის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი არ დაუშვებს, ქვეყანა ნარკოპლანტაციებად იქცეს.

„ივანიშვილმა განაცხადა, რომ მარიხუანა არამხოლოდ მისი ინიციატივა, არამედ მისი ბიზნესინტერესია. საქართველოში არავინ დაუშვებს, რომ ეს ქვეყანა ნარკოპლანტაციად გადაიქცეს. ეს აღარ არის საპრეზიდენტო არჩევნები, ეს არის ღირსების არჩევნები. ეს არჩევნები ნათლად აჩვენებს ჩვენ ვიმსახურებთ თუ არა ჩვენს სახელმწიფოს. ქართველებს სახელმწიფოს გარდა, დღეს არაფერი გვაქვს და იმასაც თუ ივანიშვილსა და ფარცხალაძეს ვაჩუქებთ, არაფერი დაგვრჩება”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ„TV პირველის“, „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ ჟურნალისტებთან გუშინ შედგა.