გრიგოლ ვაშაძე ბათუმში მხარდამჭერებს შეხვდა
გრიგოლ ვაშაძე ბათუმში მხარდამჭერებს შეხვდა

„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ბათუმში, საზაფხულო თეატრში მხარდამჭერებს შეხვდა. პრეზიდენტობის კანდიდატმა შეკრებილებს საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო და პრიორიტეტებზე ესაუბრა.

გრიგოლ ვაშაძემ საკუთარ გამოსვლაში აქცენტი მაღალმთიან აჭარაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გააკეთა და წინასაარჩევნო გარემო მიმოიხილა.

„სანამ ცოცხალი ვარ საქართველოში მარიხუანას პლანტაციები არ იქნება“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას გრიგოლ ვაშაძემ.

კანაფის შესახებ კანონპროექტზე გააკეთა აქცენტი პაატა ბურჭულაძემაც.

„ღმერთმა არა ქნას, მარიხუანას საკითხი ისე გადაწყდეს, რომ მარიხუანა დანერგოს საქართველოში. აქ ჩამოვა მთელი მაფიოზები, აქ იქნება შეიარაღებული ომი. გვინდა, რომ ჩვენი შვილები ამაში გაერიონ? გვინდა, რომ საერთოდ ჩვენი შვილები დაბოლილები იყვნენ?“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

სანდრა რულოვსის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემდეგ, უსწრაფესად უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები.

„განადგურების ასაცილებლად ერთადერთი გზა გვაქვს. ეს არის დემოკრატიული არჩევნები, 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო, რის შემდეგაც ძალიან მალე უნდა იყოს საპარლამენტო არჩევნებიც. რას ფიქრობთ, პარლამენტში 70 პროცენტზე მეტი არის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ეს არის ჩვენი აზრი? ეს ხომ „ოცნება“ კი არა, არის ზღაპარი. ამიტომ ჩვენ უნდა ვცადოთ, მას შემდეგ რაც გრიგოლ ვაშაძე გახდება პრეზიდენტი, უსწრაფესად უნდა მოხდეს საპარლამენტო არჩევნები, რის შემდეგაც „ქართული ოცნება“ გაიქცევა ქვეყნიდან. შეიძლება, მარტო კობახიძე დარჩეს“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.